იმერეთის პოლიციამ 9 აგვისტოს ტყიბულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი


შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტყიბულში 9 აგვისტოს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ტყიბულის რაიონის სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/
Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

ვიდეოები „შინაგან საქმეთა სამინისტრო"-ისგან