პრემიერ-მინისტრი დარჩელში მეწარმეებს შეხვდა

09/03/2016
Radio Atinati-ის მიერ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სოფელ დარჩელში იმ მეწარმეებს შეხვდა, რომლებმაც სახელმწიფოს დახმარების პროგრამით სასოფლო-სამეურნეო დარგში ახალი საწარმოები შექმნეს.

მთავრობის მეთაურმა კოოპერატივ „დარჩელის“ ტერიტორიაზე, სახელმწიფოს დახმარებით შექმნილი სხვადასხვა საწარმოს და კოოპერატივის წარმომადგენლების მიერ გამოფენილი პროდუქცია - თაფლი, თხილი, ჩურჩხელა, სათბურში მოყვანილი ბოსტნეული, ხილი, ღვინო და ა.შ. დაათვალიერა, დააგემოვნა და მეწარმეებს გაესაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ მხარდაჭერის პროგრამებს აუცილებლად განაგრძობს და პირადად ყველაფერს გააკეთებს, რომ უკვე შექმნილი კომპანიებისთვის, თანადგომა კიდევ უფრო გაფართოვდეს.

\"მთავარი მიზანი იმისა, რასაც ერთად ვაკეთებთ, არის ის, რომ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნოს ეს შესაძლებლობები, რომელიც დღეს არის. დღეს ჩვენ ვიმყოფებით დარჩელში და ეს შემთხვევითი არ არის, რადგან ეს არის სწორედ ის ადგილი, სადაც 600 მცირე გლეხური მეურნეობისგან შეიქმნა კოოპერატივი, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტიანად აწარმოებს ნაწარმს, დანერგა ახალი ტექნოლოგიები, შეამცირა თითოეული მონაწილის დანახარჯები და ეფექტური გახადა წარმოება მთლიანობაში. ეს კოოპერატივი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს ჩვენ საქართველოს გაძლიერებას სწორედ ამგვარი მოდელის მეშვეობით ვხედავთ\", - განაცხადა მან.

ღონისძიებაზე მოწვეული იყო 170-მდე მეწარმე.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან