სამი მწყრით დაწყებული  ბიზნესი - მერაბ ნანავას მეფრინველეობის ფერმა ნოსირში

10/04/2019
Radio Atinati-ის მიერ

პროფესიით იურისტმა მერაბ ნანავამ ფრინველების მოშენება  და მის ბიზნესად ქცევა ჯერ კიდევ რუსეთში ცხოვრების დროს დაიწყო. 22 წლის შემდეგ ის საქართველოში  დაბრუნდა და საყვარელ საქმეს მშობლიურ სოფელშიც მიჰყო ხელი. მწყრის მოშენება-მოვლა ლიტერატურის დახმარებით ისწავლა. ამბობს, რომ მის ფერმაში ამჟამად 1000-მდე მწყერი ცხოვრობს, აქედან 400 კვერცხმდებელია.

,,რუსეთიდან ჩამოვიტანე სხვადასხვა ჯიშის 150 მწყერის და 70 ხოხბის კვერცხი, თუმცა სულ 3 მწყერი და 4 ხოხობი გამოიჩეკა. ყველაფერი  აქედან დავიწყე ... პატარა ინკუბატორი მქონდა და გამოჩეკვის პერიოდში სითბოს დეფიციტმა შემაფერხა გამოჩეკვა. ყველა მეუბნებოდა თავი გაანებე არაფერი არ გამოვაო მაგრამ, მე ამ საქმის დაღეჭილად ყველაფერი ვიცი და ასე თუ ისე რაღაც გამოვიდა, სამი მწყერით გავაკეთე ეს ფერმა’’, - გვიყვება მცირე მეწარმე.

ფერმა, რომელიც 130 კვ/მ-ზეა მოწყობილი, სპეციალური გალიებით, ინკუბატორით, წყლის სისტემით, გამწოვით და სხვა საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი. მიღწეულით თავად ფერმერი არ არის კმაყოფილი და ამბობს, რომ მეურნეობამ  სრულყოფილი ფორმა, რომ მიიღოს ბევრი რამ უნდა გააკეთოს.

,,შიგნით ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ფული რომ მქონდეს სულ სხვანაირი იქნება იქაურობა, ერთ ოთახში საჰაერო შახტა ორია, წესით ექვსი უნდა იყოს. მწყერის სწორად გაზრდაში აუცილებელია ნორმალიზირებული ჰაერი, წყალი, საჭმელი, სისუფთავე და ზამთარში სითბო’’  ,- გვითხრა მეფრინველემ.

მის ფერმაში რამდენიმე ჯიშის მწყერი ცხოვრობს, მათ შორის, სმოკინგიანი, ინგლისური თეთრი, ინგლისური კრემისფერი და სხვ. ფერმერი ამბობს, რომ ისინი ერთმანეთისგან ფერებით და გემური თვისებებით განსხვავდებიან. ინდმეწარმეს ასევე ყავს სამონადირეო სახეობის სხვადასხვა ჯიშის ხოხბები, ციცარი  და ინგლისური ჯიშის ქათმები.

,,მწყერისთვის საჭმელს მე თვითონ ვაკეთებ, ვიღებ წითელ სიმინდს, ხორბალს, ქერქს, საკუთარი წისქვილი მაქვს ვფქვავ და შემდეგ ვამატებ თევზის ფქვილს. აუცილებელია დოზები, რომ საერთო ჯამში გარკვეული რაოდენობის საკვები გააკეთო’’, - ამბობს ფერმერი.

მეწარმე გვიყვება, რომ მწყერის კვერცხის შემადგენლობაში რამდენიმე სახის ვიტამინი შედის და მას სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მწყრის ქონისგან კი წამლებს აკეთებს, რომელიც რადიკულიტის და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ გამოიყენება.

ფერმერი ამბობს, რომ მისგან ფრინველებს და კვერცხს რესტორნების მეპატრონეები და კერძო პირები  ყიდულობენ. თუმცა კვერცხი შედარებით ნაკლებად იყიდება, რადგან, როგორც ნანავა ამბობს, მოსახლეობამ ამ უნიკალური პროდუქტის შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

მერაბ ნანავა თვლის რომ მისთვის ჰობად ქცეული ბიზნეს-საქმიანობას ჯერჯერობით ისეთი მოგება არ მოაქვს, რომ მასზე დახარჯულ შრომას შეესაბამებოდეს, თუმცა იცის, ვინც ეს საქმე კარგად იცის და მწყერებს ამრავლებს პერსპექტიულია.

,,ვინმე რომ წამეხმარებოდეს და ერთი ნაბიჯით წინ წამწევდეს მაშინ შეიძლება მოგებაზეც გავიდეს. თვეში 1000 მდე კვერცხს დებენ,  ინკუბატორი დიდი არ მაქვს და იმის საშუალებას არ მაძლევს ერთდროულად 1000-1500 კვერცხი შევაწყო. რომ მქონდეს დიდი ინკუბატორი მაშინ კვერცხმდებლების რაოდენობას გავზრდიდი. თვეში სამჯერ ვაწყობ 600 – 700 კვერცხს, იმას მირჩევნია ერთხელ 2000 -3000 შევყარო, დენის ხარჯიც ნაკლები იქნება და საჭმლის ხარჯიც’’ აღნიშნა ფერმერმა მერაბ ნანავამ.



ფერმერმა ბიზნესის გაფართოების კუთხით სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში რამდენიმჯერ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ფინანსური მხარდაჭერა ვერცერთხელ ვერ მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ის ფრინველების მოსენებაზე უარს არ ამბობს და უფრო მეტიც, მომავალში საოჯახო ბიზნესის გაფართოებას გეგმავს.



რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან