საქართველოს პროკურატურა ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას იწყებს


საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების ​- ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პროკურატურის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სახელმწიფო უწყებების, ადვოკატთა ასოციაციის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები და მოსამართლეები ესწრებოდნენ.

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.

ღონისძიება საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას კამპანიის აქტიური მხარდაჭერისთვის.

გენერალურმა პროკურორმა ისაუბრა საქართველოს პროკურატურის მიერ 2014 წლიდან დღემდე განხორციელებულ რეფორმებზე, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულებზე, მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე, გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციაზე, დაზარალებულთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომებზე და ფემიციდის პრევენციის კუთხით ერთობლივი მუშაობის გაძლიერების საჭიროებაზე.

ირაკლი შოთაძემ იმედი გამოთქვა, რომ კამპანიის ფარგლებში მოქალაქეთა სათანადო ინფორმირება დადებით შედეგებს გამოიღებს, რაც თავის მხრივ განაპირობებს საზოგადოების აქტიურ ჩართულობას, რათა სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად მოახდინონ რეაგირება და თავიდან იქნას აცილებული ფემიციდის დანაშაული.

\"ამ კამპანიის შედეგად თუნდაც ერთმა ქალმა რომ მოგვმართოს, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია და ეშინია სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვის, და პოტენციურად შეიძლება ფემიციდის მსხვერპლიც გახდეს, ჩემთვის პირადად ფემიციდის წინააღმდეგ ამ კამპანიის წარმატების ინდიკატორი იქნება’’- განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მამაკაცების აქტიური ჩართულობა ცნობიერების ამაღლების კამპანიაში. „მოვუწოდებ ოლქის პროკურორებს, მენეჯერებს და ყველა პროკურორს, განსაკუთრებით მამაკაცებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ფემიციდის წინააღმდეგ კამპანიაში, ყველა რეგიონსა და ტერიტორიულ დანაყოფში, რათა მოძალადეებმა მკაფიოდ დაინახონ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა დანაშაულია და არავინ დარჩება დაუსჯელი“ - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ღონისძიებაზე, ფემიციდთან ბრძოლის მნიშვნელოვან საკითხებზე და გატარებულ რეფორმებზე ისაუბრეს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, აშშ-ის იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის რეზიდენტმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველში თამარ საბედაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ფემიციდის თემაზე პრეზენტაცია გამართა საქართველოს პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სალომე შენგელიამ.

ფემიციდის საინფორმაციო კამპანიის „არა ფემიციდს“ფარგლებში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაგეგმილია არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება; მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლები, რომლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები საუბრობენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე. გარდა ამისა, თბილისში განთავსდება სარეკლამო ბილბორდები.

როგორც კამპანიის გახსნითი ღონისძიების დასასრულს აღინიშნა, პროკურატურა ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანიის ფარგლებში გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ წვლილი შეიტანონ სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.

#არაფემიციდს!

#მკვლელობაისჯებამკაცრად!

#შეაჩერეფემიციდი!

#სიყვარულიარკლავს!

https://pog.gov.ge/news/saqarTvelos-p...

ვიდეოები „საქართველოს პროკურატურა"-ისგან