ა(ა)იპ დასუფთავებამ რუსთავში უკანონოდ გაკრული სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა დაიწყო

09/26/2016

რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,დასუფთავების“ თანამშრომლებმა, ქალაქის ქუჩებში აკრძალულ ადგილებში გაკრული საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებისგან გაწმენდა დაიწყო. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, დღეს შარტავასა და მეგობრობის გამზირის შუაგამყოფ-მწვანე ზოლში განთავსებული და განათების ბოძებზე გაკრული ყველა პარტიის, მათ შორის, ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატების პლაკატები და ბანერები ჩამოხსნა.
რუსთავის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების მიერ პლაკატებისა და ბანერების ჩამოხსნა ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ გააპროტესტა. დასუფთავებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა კირკიტაძეს განუმარტეს, რომ საკრებულოს შესაბამისი განკარგულების თანახმად, აკრძალულ ადგილებში საგიტაციო მასალის გაკვრა არ შეიძლება.
როგორც რუსთავის მერიის ა(ა)იპ ,,ზედამხედველობის“ სამსახურში გამარტავენ, რუსთავის საკრებულოს 2016 წლის 16 ივნისის #840 განკარგულებით, მკაცრად არის განსაზღვრული, ის ადგილები, სადაც დაშვებულია ან დაუშვებელია საარჩევნო სააგიტაციო მასალის განთავსება და დასუფთავების სამსახურმა დღეს სწორედ აკრძალული ადგილებიდან ჩამოხსნა სააგიტაციო მასალა.