ჟურნალ "აფრის" 28-ე ნომრის წარდგენა

10/29/2021
Caucasian House-ის მიერ

2021 წლის 27 ოქტომბერს, 19:00 საათზე „კავკასიურმა სახლმა“ უმასპინძლა სალიტერატურო, რელიგიურ-ფილოსოფიური და საზოგადოებრივი ჟურნალის - „აფრის“ 28-ე ნომრის წარდგენას.

ჟურნალი „აფრა“ 1997 წლიდან გამოიცემა, დაარსების დღიდან მისი მთავარი რედაქტორი მწერალი ნაირა გელაშვილი გახლავთ.

ყოველწლიური ჟურნალი 24 წლის განმავლობაში მკითხველს აცნობდა მსოფლიო და ეროვნული ლიტერატურის საუკეთესო ავტორებს, პირველ ასპარეზს აძლევდა ახალბედა მწერლებს, დიდ ადგილს უთმობდა მწვავე საზოგადოებრივი პრობლემების ანალიზს, თეოლოგიური და ფილოსოფიური საკითხების განხილვას.

სხვადასხვა დროს გამოდიოდა თემატური ნომრებიც, რომლებიც საგანგებოდ აქცევდა ყურადღებას ერთ რომელიმე კონკრეტულ შემოქმედს ან ქვეყანას, ამ ქვეყნის მწერლობას.
წლების განმავლობაში ჟურნალ „აფრის“ ნომრებს რედაქტორობდნენ: შოთა იათაშვილი, ლევან ბრეგაძე, გიორგი ლობჟანიძე, რუსუდან კაიშაური, ნანა დევიძე, მზია ბაქრაძე, ჰამლეტ ზუკაკიშვილი, ვასილ კობახიძე.

„აფრის“ 28-ე ნომრის რედაქტორია პოეტი გოჩა სხილაძე.

პოეზიისა და პროზის სექციაში დაიბეჭდა ისეთ მწერალთა ქართული თარგმანები, როგორიცაა ეზრა პაუნდი, ანა ახმატოვა, ე.თ.ა. ჰოფმანი, ლეონიდ ანდრეევი, ჰენრი დევიდ თორო და სხვა; სექციაში გაეცნობით ქართველ ავტორთა — სოსო მეშველიანის, ცირა ყურაშვილის, გოჩა სხილაძის, ნინი ელიაშვილისა და ნინო ქადაგიძის მხატვრულ შემოქმედებას.

თეოლოგიისა და ფილოსოფიის განყოფილებაში ზაზა შათირიშვილის წერილთან ერთად შეხვდებით სერგეი ავერინცევის, ფრანცისკო აიალას, არნოლდ ჰოტინგერისა და ჰართმუთ როსას თარგმანებს.

საზოგადოების სექცია კი ეთმობა ლევან ბრეგაძის, ნუგზარ პაპუაშვილის, დავით ადეიშვილის, ლევან ლორთქიფანიძის, კონსტანტინე ანთელავას წერილებს.
ნომრის სპეციალური სექციის სახელწოდებაა „ნამახვანჰესის საკითხი - მდინარემ უნდა იდინოს“.

„აფრის“ გარეკანს ამშვენებს უსამართლოდ დავიწყებული შესანიშნავი მხატვრის - იდა თვარაძის კომპოზიცია.

ვიდეოები „Caucasian House"-ისგან