საომარი მოქმედებების მეექვსე დღე უკრაინაში


ომის მეექვსე დღე.  უკრაინა სამი მხრიდან იერიშის სამიზნეა.

ამ მომენტისთვის ყველაზე ცხელი წერტილებია ხარკოვი, ხერსონი, სუმი. ვრცელდება სატელიტიდან გადაღებული ფოტოები, სადაც ჩანს, რომ 64 კილომეტრის სიგრძის რუსული კოლონა სამხრეთით, კიევისკენ მიემართება. ეს კოლონა ახლა ჰოსტომელის მიდამოებში, ანუ კიევიდან 24 კილომეტრის დაშორებით იმყოფება, სწორედ იქ, სადაც აეროპორტია განთავსებული. ჰოსტომელის აეროპორტთან საბრძოლო მოქმედებები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და კონტროლი ერთი მხრიდან მეორე მხარის ხელში გადადის. ცოტა ხნის წინ იერიში მიიტანეს კიევის სატელევიზიო ანძაზე, თუმცა ჭურვი ანძის სიახლოვეს ჩამოვარდა. აფეთქება მოხდა დედაქალაქთან ახლოს - ბროვარიშიც, რომელიც კიევის ოლქში მდებარეობს. ასევე შეტყობინებები ვრცელდება კიევის ჩრდილო-დასავლეთით მიმდინარე შეტაკებების შესახებ. მძიმე სიტუაციაა სუმის ოლქში - ქალაქ ახტირკაში რუსულმა ძალებმა სამხედრო ნაწილს ცეცხლი გაუხსნეს, დაიღუპა 70-მდე უკრაინელი სამხედრო. 

რაც შეეხება აღმოსავლეთით. ბოლო 48 საათის განმავლობაში გაძლიერდა რუსეთის შეტევა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვზე. დაიწყეს მძიმე არტილერიის გამოყენება. დღეს დილით ქალაქის საოლქო ადმინისტრაციის შენობასთან რაკეტა აფეთქდა. ღამის განმავლობაში დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსებიც. შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 35 დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი.

ხარკოვში მომხდარ დაბომბვას უკრაინის პრეზიდენტი სამხედრო დანაშაულად აფასებს და რუსეთს საერთაშორისო ტრიბუნალით ემუქრება.  კასეტური ბომბების სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 მცირეწლოვანი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე იერიში მოგერიებულია. ასევე პერმანენტულად იბომბება დონეცკის გარშემო ტერიტორიები - დონეცკსა და ლუგანსკში სულ მცირე 15 000-მდე სეპარატისტია, რომლებიც რუსულ ძალებს დახმარებას უწევენ. 

ვრცელდება ცნობები ხერსონის ალყაში მოქცევის შესახებ. ქალაქში რუსი სამხედროები და ტანკები გადაადგილდებიან.  გავრცელებული ცნობით, რუსი სამხედროები ავტომობილებს ესვრიან და მოქალაქეებს ტელეფონებს ართმევენ. სწორედ სამხრეთიდან, ანუ ყირიმის მხრიდან შეჭრილი რუსული სამხედროები ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრილო-დასავლეთით არიან გადანაწილებული. ჩრდილო-აღმოსავლეთით დაპირისპირება მარიუპოლთან მიმდინარეობს. ამ დროისთვის რუსული ძალები აკონტროლებენ საპორტო ქალაქ ბერდიანსკს. მარიუპოლიდან აღმოსავლეთით წინსვლის შემთხვევაში სახმელეთო ხიდი შეიქმნება ყირიმსა და დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებს შორის, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ.

რთული სიტუაციაა კიევის თავზე ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვშიც. ჩერნიგოვის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ყველა შესასვლელი დანაღმულია. ქალაქის მისადგომებთან გუშინ დაწყებული შეტაკებები ახლაც მიმდინარეობს. ცეცხლი დასახლებული ზონების მიმართულებითაც გაიხსნა. ქალაქს ჯერ უკრაინა აკონტროლებს. 

სარაკეტო დარტყმებს 2 ადამიანი ემსხვერპლა და 3 დაშავდა კიევის ჩრდილოეთით მდებარე კიდევ ერთ ქალაქ ვასილკოვში. გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვი საერთო საცხოვრებელს დაეცა. ამ ქალაქის შემოგარენში ავიაბაზა მდებარეობს, სადაც ბოლო რამდენიმე დღეა საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის საზღვართან მობილიზებული სამხედროების 75% უკვე შეიყვანა ქვეყანაში. ამ დროისთვის რუსული ძალები გარკვეულ ტერიტორიებს უკვე სრულად აკონტროლებენ. მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს უკრაინის საჰაერო თავდაცვასა და სამხედრო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა მოხდა, რუსული ტანკების კოლონებმა ჰაერიდან და არტილერიით გამაგრებული ზურგით დაიკავეს პოზიციები. რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის ნაწილებში სარაკეტო დარტყმებითა და არტილერიით მიიკვლევენ  გზას. 

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ხუთდღიანი საომარი მოქმედებების შედეგად რუსეთმა უკრაინას 56 სარაკეტო დარტყმა მიაყენა და 113 ფრთოსანი რაკეტა ესროლა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან