ავტორისგან - /ოთო გურგენიშვილი/

09/18/2013

ოფიციალური გვერდი / Official Poetry Page

https://www.facebook.com/OtosPoetry?r...

ტექსტი / Text :

რთულია იყო ავტორი,
როცა არ გყოფნის სიტყვები.
წიგნიერებას იბრალებ,
და აღარ დაგრჩა მარაგი -
ფრაზების,(ლექსს კი არ ტოვებ),
ბრძულ აზრებს შეეკითხები -
თაროს შეწყობილ იგავებს,
გადაშლი და გაფანატებს.

როცა მოიწყენ აიღებ,
რევოლვერს სავსე ვაზნით და
სავსედ დარჩენილ სიგარეტს,
ღერი-ღერ უშვებ ფილტვებში,
ცაში დაეძებ რაიმეს,
ან ვინმეს (ამ დროს გაწვიმდა)
და გულიც ერთხელ მინაწერს,
დატოვებს ალბათ იმ წლებში.

გინდა იარო ეულმა,
არავის ანდო გზა-კვალი.
აიღო ერთი გეზი და
შემოიარო მსოფლიო.
მსოფლიოც გადარეულა,
და თითქოს ხის ძირ-ნაყარი
ხილი ხარ ისე შეგზიზღდა
ჰავა,მშვიდი და ნოტიო.

ჩართავ ძველის-ძველ რადიოს,
და თითქოს გიჭირს მომართვა,
იმ სიხშირეზე სადაც შენ-
მუდამ უსმენდი ბეთჰოვენს.
და ღმერთმა რომ გაპატიოს,
ალბათ იტყოდი რომ ახლა -
ყველა ის ცოდვა შეგაშრეს
ყოველ ღამეს რომ ღმერთს ტოვებ.

თითქოს რაიმე გეთქმოდეს,
თითქოს შეგეძლოს რაიმე.
ისე ხრიალებ თვალებით,
რომ დედამიწაც დაიბნა.
თუმცა ძნელია ესოდენ,
საკუთარ თავთან ყაიმი,
და გრჩება განაწვალები,
შემორჩენილი ყაიდა.

და დაიძახებ ვაი და
აღარ იქნება საშველი.
დაუფიქრდები ცხოვრებას
რომელმაც დიდხანს გაწამა.
შენი დრო უკვე გავიდა,
და შენ დროს ეთამაშები.
ხოდა ცა შეგაყოვნებდა,
რომ არსებობდეს სხვა ძალა.

იმ ხასიათის მომრევი,
რომ გაწვალებს და გერევა.
და დააბიჯებ ყოველ-ღამ
სხვადასხვა ტერიტორიას.
საკუთარ თავთან სწორდები,
და გამოუცნობ ფერებად,
ასახავ ფუნჯით
ცხოვრებას -
სახელად: „მელანქოლიას\".

ვიდეოები „ოთო გურგენიშვილი"-ისგან