ასოციაციაში სპეციალური დროებითი კომისია შეიქმნა

09/11/2019
GCA-ის მიერ

საქართველოში რუსეთის მხარდაჭრით შექმნილი ორგანიზაცია GERA განაგრძობს საავტორო უფლებების სფეროში უკანონო საქმიანობას. მიმდინარეობს როგორც ქართველი ავტორებისა და შემსრულებლების გადაბირება, მათთვის „რუსეთიდან შემოტანილი“ დაუსაბუთებელი ჰონორარის გადახდით, ასევე მოსარგელეებისგან (კაფე-ბარები, რესტორნები, სავაჭრო დაწესებულებები და ა.შ.) ჰონორარის უკანონოდ მოთხოვნა.

შეგახსენებთ, რომ GERA მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჩვენმა ორგანიზაციამ უარი თქვა, რუსეთის მიერ საავტორო უფლებების სფეროში გავლენის მოპოვების მიზნით, 2017 წელს შექმნილ ევრაზიის უფლების მფლობელთა საზოგადოებების კონფედერაციაში (EACOP) გაწევრიანებაზე და შესაბამისად, საქართველოში, ამ სფეროში რუსული ინტერესების გატარებაზე. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებულია მხოლოდ ხუთი ქვეყანა: სომხეთი, აზებაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ბელორუსი.

GERA-ს საქმიანობის უკანონობას ადასტურებს ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელი ერთადერთი სახელწიფო ორგანოს, საქპატენტის ოფიციალური პოზიციაც, რომლის მიხედვითაც საქართველოში ერთადერთი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია არის საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია და მეორეს შექმნის შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს.

გარდა საქპატენტისა, შექმნილ ვითარებაში დიდ საფრთხეს ხედავს და ჩვენს სრულ მხარდაჭერას ღიად გამოხატავს ამ სფეროში არსებული ყველა საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციაც: ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოებების საერთაშორისო კონფედერაცია (CISAC), შემსრულებელთა უფლებების კოლექტიურად მმართველი ორგანიზაციების საბჭო (SCAPR) და რეპროდუცირების უფლების ორგანიზაციათა საერთაშორისო ფედერაცია (IFRRO).

GERA-ს უკანონო საქმიანობის გაგრძელების შემთხვევაში არსებობს სიტუაციის გაუარესების რისკი, მოსარგებლეები შეწყვეტენ ჰონორარის გადახდას, რაც პირველ რიგში დააზარალებს ავტორს, მთლიანად სისტემას და ქვეყნის იმიჯს.

შექმნილი მდგომარეობის გამოსწორების და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, ასოციაციის ფარგლებში, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ხელოვანების მიერ შეიქმნა სპეციალური დროებითი კომისია. კომისიის მუშაობამ ხელი უნდა შეუწყოს არსებული პრობლემის მოკლე დროში დაძლევას. კომისია უახლოეს დღეებში თავად წარუდგენს საზოგადოებას სამოქმედო გეგმას.

#არაინტელექტისოკუპაციას