ყინწვისის მონასტერი / Kintsvisi Monastery

05/20/2022
Lasha Mtvaradze-ის მიერ

ყინწვისის მონასტერი შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყინწვისიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ნაგებობა XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აგებული წმ. ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურ გუმბათოვანი ტაძარია. გარდა წმ. ნიკოლოზის ეკლესიისა სამონასტრო ანსამბლში შედის ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, გალავანი და კოშკი-სამრეკლო. ყინწვისის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშს წარმოადგენს. დახვეწილობითა და მაღალმხატვრული ღირებულებით გამორჩეულია ყინწვისის მხატვრობა, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქართული და ზოგადად შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის განვითარების ისტორიისათვის.
წმ. ნიკოლოზის ეკლესია აგურით ნაშენი, ცენტრალურ გუმბათოვანი ტაძარია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება. კვადრატულ საფუძველზე აღმართული გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვედრატიდან გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათის ყელში 12 სარკმელია. საკურთხეველი ერთი საფეხურით შემაღლებულია. საკურთხევლის აფსიდი ბემიანია. აფსიდებითაა დასრულებული სამკვეთლოცა და სადიაკვნეც. ეკლესიის დასავლეთ მხარე მთელ სიგრძეზე, ნართექსს უჭირავს. ნართექსი სამი სათავსისგან შედგება და ეკლესიის თანადროულია. შიდა კედლები კი ჩაშენებულია ზაზა ფანასკერტელის დაკვეთით XV საუკუნის II ნახევარში. კანკელი აგურისაა, მოგვიანებით, XVI-XVII საუკუნეებშია ნაგები და საკურთხევლის საზღვრებიდან წინაა წამოწეული. მეორე სართულზე საიდუმლო ოთახებია, რომლებში მოხვედრაც ქვედა სართულის გადახურვაში დაყოლებული ხვრელიდან მისადგმელი კიბითაა შესაძლებელი. ეკლესიის ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავები მოკლე და თითქმის თანაბარია. დასავლეთის მკლავი ოდნავ წაგრძელებულია. მკლავები გადახურულია შეისრული კამარით. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით.
ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია XII-XIII საუკუნეების დარბაზული ნაგებობაა, რომელიც წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ძამის ნაპირთან, ფერდობზე დგას. ტაძარი ძალიან დაზიანებულია, შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და გრძივი კედლების ნაშთი. სამხრეთით კარის წირთხლებიც ჩანს. ფასადები ოდნავ დამუშავებული ქვითაა ნაგები, სახურავის ლორფინისა ყოფილა.
მცირე ეკლესია წმ. ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთის კედელთან დგას. დარბაზული, სხვადასხვა ზომის თლილი ქვის კვადრებით ნაგები ნაძარი გვიანფეოდალურ ხანას მიეკუთვნება. ინტერიერში გამოყენებულია აგური. აფსიდი უსწორმასწორო მოყვანილობისაა და დარბაზის გრძივი კედლებისაგან არ არის გამოყოფილი. ეკლესია ორსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე დგას. აღმოსავლეთ ფასადის სარკმლის თავზე ცალმკლავა რელიეფური ჯვარია გამოსახული.
წმინდა ნიკოლზის ტაძრის მოხატულობა შესრულებულია XIII საუკუნის დასაწყისში თამარის პირველი ვაზირის ანტონ გლოვისთანისძის დაკვეთით. ტაძრის გუმბათი, ოთხივე მკლავი და მკლავებშორისი კედლები მთლიანად იყო მოხატული. დასავლეთ მკლავისა და კამარების მოხატულობის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი. ტაძრის ერთ-ერთ ძლიერ დაზიანებულ წარწერაში მოხსენიებულია ქტიტორი. ყველა სცენის შინაარსსა და წმინდანთა ვინაობას ქართული ასომთავრული წარწერები განმარტავს. ჯვარცმის კომპოზიციაში, ნართექსსა და გასასვლელი კარის წირთხლებზე ბერძნული წარწერებია. ჩრდილოეთ კედელზე შემორჩენილია გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის გამოსახულებები. ორივე მკლავის ქვედა რეგისტრებში წარმოდგენილნი არიან ისტორიული პირები, აქვეა ვრცელი ისტორიული წარწერის ნაშთებიც. ტაძრის მოხატულობაში დიდი ადგილი ეთმობა დეკორატიულ ელემენტებს. ყინწვისის მოხატულობა გამოირჩევა ფერწერულობით, ოქროსფერ და მოწითალო ოქრასთან, ღია მწვანესთან, ცისფერსა და თეთრთან შეხამებული ლაჟვარდი შთამაგონებელი და შთამბეჭდავია. ფიგურათა მოძრაობა მშვიდია, სახის გამომეტყველება - რბილი. ნართექსის მოხატულობა შესრულებულია გვიანდელი ფეოდალური ხანის სხვადასხვა პერიოდში. შუა სათავსის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახულია XV საუკუნის მეორე ნახევრის ცნობილი მოღვაწე ზაზა ფანასკერტელი. ყინწვისის ფრესკები ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია.
ღვთისმშობლის ეკლესია მთლიანად მოუხატავთ XIII საუკუნის მე-II ნახევარში, მაგრამ დღესდღეობით მხოლოდ საკურთხევლის მხატვრობაა შემორჩენილი. ფრესკების ფერადოვანი შრე გადარეცხილია და გამოსახულებათა დიდი ნაწილი კონტურების სახითაა შემონახული. წერის მანერა წმინდა ნიკოლოზის ტაძართან შედარებით უფრო ხაზოვანია.
#KintsvisiMonastery
#Kintsvisi
#Kareli
#ShidaKartli
#Georgia
#Church
#Patriarchate