ეს არ ნიშნავს რომ ხელოვნების ძირითადი კანონები არ ვიცოდეთ - თემურ ჩხეიძე

11/18/2021
Katrin Cheka-ის მიერ

#თემურ_ჩხეიძე

   • ,,nigbebs migma'' temur chxeize  
:
თემურ ჩხეიძე: თავს არავის არასოდეს ვახვევ, მაგრამ ტვინში სულ მახსოვს, რომ ყველა ნაწარმოები რომელიმე მცნების მიხედვით უნდა დავდგა. ყველა ჩემი ნაწარმოები უფლის ათი მცნებიდან ერთ-ერთია. თუმცა ამას აფიშირებას არასოდეს ვუკეთებ და მსახიობებსაც კი არ ვეუბნები. არასდროს არავის ვეუბნები ყველაზე ხშირად რომელ მცნებაზე ვდგამ სპექტაკლს. ყველა მცნებას ვეხები, ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია იმ ნაწარმოებზე, რომელსაც ვირჩევ დასადგმელად. თუ ვიცი, ამ ნაწარმოებს ათი მცნებიდან ყველაზე მეტად რომელი შეეფერება, ეს დიდ სტიმულს მაძლევს. ამით სპექტაკლის მთლიანი სტრუქტურა ეწყობა, საით მიმყავს ყველაფერი, რა არის ის საბოლოო წერტილი, რა უნდა გადმოვიდეს დარბაზში. როცა შერჩეულ ნაწარმოებს რომელიმე მცნებას მოარგებ, ეს უკვე კარგია. ადვილია თუ არა ათივე მცნებაზე სპექტაკლის დადგმა, ამაზე არ მიფიქრია. ყველაფერი ნაწარმოებებიდან გამომდინარე ხდება. მთელი მსოფლიო ლიტერატურა ამ ათი მცნების გარშემო ტრიალებს.
ხვდება თუ არა ჩემს ჩანაფიქრს მაყურებელი, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული, თუ უკეთესად გავაკეთებთ, ყველაფერი გამოვა. თუმცა არასოდეს ვყვირივარ, ამ მცნებაზე დავდგი ესა თუ ის სპექტაკლი-მეთქი. ქვეცნობიერად მაყურებელი უნდა მიხვდეს, რაზეა სპექტაკლი, ამას დეკლარირება არ უნდა.

შეძლებისდაგვარად ვცდილობ, მაგრამ რომ გითხრათ, არც ერთი აღქმა არ დამირღვევია-მეთქი, არ ვიქნები მართალი. ყველაზე მეტად ეს მტკენს გულს, იმას აღარ ვამბობ, ისეთმა ფურმა დამწიხლოს, ან პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც ყველაზე უცოდველიაო. ჩვენს რელიგიაში ხომ მიჩნეულია, რომ უცოდველი არავინ არის.

კარგად რომ აანალიზებ ცხოვრებას, არც ისე მარტივია ყველაფერი. შეგნებული ბოროტება არასოდეს ჩამიდენია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რანაირად შეიძლება ვიყო სრულიად უცოდველი, როცა ვარ რეჟისორი. რეჟისურაში შედის ის, რომ ვიღაცას ვაძლევ სამუშაოს, ვიღაცას – არა. ის მსახიობი, რომელიც არ დავაკავე, რაღაც პერიოდი გულნატკენი ხომ არის ჩემგან? ძალიან დიდი და ფართო გაგებით რომ მივუდგეთ, ვინ მომცა ამის უფლება? არადა, როგორ არ ავირჩიო მსახიობი, რა ვქნა, ყველა ვათამაშო, ვისაც უნდა? საგიჟეთი იქნება და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა დამჭირდება და ცალკე ფსიქიატრები და კარდიოლოგები. გამოსავალი? უნდა დავანებო ყველაფერს თავი და, რაც გინდათ, ის გააკეთეთ-მეთქი, უნდა ვუთხრა. მაშინ რა ვქნა? სხვა რამის კეთება არ შემიძლია და არც მაინტერესებს, ეს არის ჩემი პროფესია. ძალიან მიყვარს მსახიობები და ვიცი, რომ უმეტესობას ჩემ მიმართ ასეთივე გრძნობა აქვს, ამაში ბედმა გამიღიმა, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, არის ნაწილი, რომელსაც გაუცრუვდა იმედები ჩემთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ რასაც ოცნებობდა, ის ვერ მივეცი, მიმაჩნია, რომ არც უნდა მიმეცა.

რაც შეეხება მსახიობობის პროფესიის ცოდვად ჩათვლას, ძალიან კარგად ვიცი ბერების აზრი. პიროვნულად ძალიან კარგად მიღებდნენ. ხშირად ჩვენ ვიწყებდით საუბარს, რომელიც კამათშიც გადადიოდა, თუმცა ბოლოს მაინც დალოცვით მთავრდებოდა ყველაფერი...

პროფესიების ცოდვილებად დაყოფა არ შეიძლება.. იქ რომელიღაც ინსტრუმენტიც ჰქონდათ. აღმოჩნდა, რომ იმ ინსტრუმენტზე ვინც უკრავს, ის ცოდვილია და სხვა ინსტრუმენტზე ვინც უკრავს ის – არა. ვინ დაყო ეს? მაშინ რა უნდა ვქნათ, ორკესტრი დავყოთ ცოდვილებად და უცოდველებად? ამას სერიოზული გარკვევა სჭირდება.

(\"არტინფო\")

ვიდეოები „Katrin Cheka"-ისგან