ქართველი პოლიტიკოსები ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურებიან


ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. მამუკა ბახტაძე მწუხარებას გამოთქვამს ამერიკელი სენატორის გარდაცვალების გამო და ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ჯონ მაკკეინი იყო ძვირფასი მეგობარი და საქართველოს განუხრელი მხარდამჭერი. ის იყო ამერიკელი გმირი, რომლის დამსახურება მსოფლიოს წინაშე ძალიან დიდია.

ჯონ მაკკეინის გარდაცვალების  გამო, მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტიც. სპეციალური განცხადება დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გავრცელდა.  ქართველმა ხალხმა დაკარგა დიდი მეგობარი, რომელიც  ყოველთვის  გვერდში ედგა ჩვენს ქვეყანას. ჯონ მაკკეინი საქართველოს ეროვნული გმირია და მის ღვაწლს ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მაკკეინის გარდაცვალებას ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს გამორჩეულ მეგობარს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებაში.

ჯონ მაკკეინის ოჯახს და ამერიკელ ხალხს უსამძიმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. დავით ზალკალიანი ტვიტერზე წერს, რომ  ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს მის მხარდაჭერას და ჯონ მაკკეინის ხსოვნას ყოველთვის პატივს მიაგებს. 
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან