„საია" ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს
04/29/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია\" ყვარლის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციას აინტერესებს, რამდენად სწორად მოხდა დავით ქევხიშვილის კვალიფიკაცია და რა განმარტებებს გააკეთებს სასამართლო. „საია\"-ს მიაჩნია, რომ გასარკვევია, რამდენად თანმიმდევრულად მოქმედებდნენ პოლიციის თანამშრომლები და პირთა დაკავება შერჩევით ხომ არ მოხდა? გარდა ამისა, ასოციაცია კითხვებს სვამს და განცხადებაში აღნიშნავს, რომ თუ ერთ შემთხვევაში დარღვევას წარმოადგენდა გამგებლის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რატომ არ წარმოადგენდა დარღვევას საკრებულოს წევრის მიერ ჩადენილი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები? მაშინ, როდესაც მყისიერი რეაგირება ხდება გამგებელთან დაკავშირებით, რატომ არ ხდება საერთოდ რეაგირება მასთან დაპირისპირებულ საკრებულოს წევრის ქმედებებზე, რომელიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს, მათ შორის პოლიციის მიერ დაკავებულ პირს პოლიციის თვალწინ? ციტატა: „ყურადღებას იქცევს ის გარემოებაც, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის წერილობითი თხოვნის საფუძველზე იმყოფებოდნენ შენობაში, რათა ექსცესების გარეშე ჩატარებულიყო საკრებულოს დახურული სხდომა. გამგეობის თანამშრომელთა განმარტებით, პოლიცია დილიდანვე იმყოფებოდა შენობაში და საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად არავის უშვებდა. კითხვები ჩნდება თავად სხდომის კანონიერებასთან დაკავშირებითაც: მოქმედი გამგებლის თანამდებობიდან გადარჩევით ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაარღვა უწყებათაშორისი კომისიის ის რეკომენდაცია, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს წინასაარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.\"
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1mVs310
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1mVs310