თბილისის პარკის გახსნა ანკარაში

09/09/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

თურქეთში, ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოსა და ანკარის ჩანქაიას რაიონის მერიის აქტიური თანამშრომლობის შედეგად და საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის ფარგლებში, 2017 წლის 8 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ და ჩანქაიას მერმა, ალფერ თაშდელენმა ჩანქაიას რაიონის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში “თბილისის პარკი“ გახსნეს და პარკის ტერიტორიაზე სიმბოლურად ნაძვის ხე დარგეს.
“თბილისის პარკის” გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდნენ ჩანქაიას რაიონის მერი, ალფერ თაშდელენი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე. ალფერ თაშდელენმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა თურქეთ-საქართველოს მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ჩანქაიას რაიონში „თბილისის პარკის“ გახსნა თავის წვლილს შეიტანს თურქი და ქართველი ხალხის მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცების საქმეში.
მიხეილ გიორგაძემ სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ჩანქაიას მერს, მერიისა და საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს პარკის გახსნაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მთელი რეგიონისთვის სამაგალითოა. მან აგრეთვე დიდი მადლობა გადაუხადა თურქეთის მთავრობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების სალიკვიდაციო სამუშაოებში გაწეული დახმარებისთვის და ხაზი გაუსვა თურქეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის არსებულ სტრატეგიულ ურთიერთობებს. აღსანიშნავია, რომ პარკი არის მთლიანად კეთილმოწყობილი, მისი ტერიტორია შეადგენს 4547 კვ. მეტრს, სადაც განთავსებულია სპორტული სავარჯიშო ინვენტარი, ბავშვებისთვის არის გამოყოფილი სათამაშო ტერიტორია, ხოლო მოსახლეობისთვის დასასვენებელი ადგილები. ამასთან, ტერიტორიაზე დარგული არის სხვადასხვა სახეობის ხეები და ყვავილები. ამასთან, უახლოეს მომავალში პარკის ცენტრალურ ნაწილში საქართველო-თურქეთის მეგობრობის ამსახველი მონუმენტის დადგმაც იგეგმება. „თბილისის პარკის“ გახსნას ასევე ესწრებოდნენ ანკარაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მერიის თანამშრომლები, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მასმედიისა და ანკარაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.




http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან