ვითარება უკრაინაში


უკრაინაში მიმდინარე ომის 680-ე დღეს რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმები მიიტანა დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოზე.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, დანგრეულია სკოლა და საბავშვო ბაღი. დაზიანდა რამდენიმე მრავალსართულიანი სახლიც. წინასწარი ცნობებით, იერიშის შედეგად არავინ დაღუპულა. რუსეთი ასევე აგრძელებს დარტყმებს ხარკოვზეც. ცნობილი გახდა, რომ კიევში მაშველებმა 29 დეკემბერს რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპული კიდევ ორი პირის ცხედარი იპოვეს. შესაბამისად უკრაინის დედაქალაქში მოკლულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ვითარებას ფრონტის ხაზზე, უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ რუსი სამხედროები ბოლო 24 საათში 5 მიმართულებით უტევდნენ უკრაინელების პოზიციებს. განსაკუთრებით რთული ვითარება იყო ავდეევკასთან და ბახმუტთან. პარალელურად, უკრაინის სახალხო დამცველი არ გამორიცხავს,რომ უახლოეს დღეებში რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა გაცვლა კიდევ ერთხელ მოხდეს. როგორც დმიტრო ლუბინეცი აცხადებს, უკანასკნელ პერიოდში ამ საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკებებში გარკვეული წინსვლა შეინიშნება, თუმცა პროცესი შეიძლება ნებისმიერ დროს შეფერხდეს. ლუბინეცმა ასევე ისაუბრა გუშინ უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის დროს გათავისუფლებულ პირებზე და აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მათგანმა რუსეთის ტყვეობაში წელიწადნახევარიც კი გაატარა.შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და რუსეთმა 200-ზე მეტი სამხედრო ტყვე გაცვალეს. როგორც კიევში განაცხადეს, უკრაინაში დაბრუნებულ ტყვეებს შორის 130 ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს, 55 - ეროვნულ გვარდიაში, 38 - სასაზღვრო სამსახურში და ერთი პოლიციელია. გათავისუფლებულია ასევე ექვსი სამოქალაქო პირი. სანაცვლოდ კიევმა რუსეთს 248 ტყვე გადასცა. ტყვეების გაცვლის შესახებ ყოველდღიურ მიმართვაში ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე, უკრაინა აყენებს ტყვეების დაბრუნების საკითხს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან