ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე მუშების დაღუპვის ფაქტზე კომპანიის დირექტორი დააკავეს

04/19/2019
Maestro Television-ის მიერ

ჭავჭავაძის გამზირზე, მშენებლობაზე ორი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე შპს „ხიმინჯ სერვის 2”-ის დირექტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, შპს \"ხიმიჯ სერვის 2\"-ის დირექტორი - 1957 წელს დაბადებული ო.ც. სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
\"მიმდინარე წლის 31 მარტს შპს \"ხიმიჯ სერვის 2\"-ის მიერ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის N5-ში მდებარე ყოფილი ლეჩკომბინატის შენობის საძირკვლის გამაგრების სამუშაოების წარმოების პროცესში, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
ფაქტზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს \"ხიმინჯ სერვის 2\"-ის მიერ წარმოებული მიწის ვერტიკალურად გათხრის სამუშაოები არ შეესაბამებოდა მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ სტანდარტებს და დარღვეული იყო აღნიშნული დადგენილების სხვადასხვა პუნქტი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს\", - ნათქვამია შს სამინისტროს ინფორმაციაში.

Facebook: https://bit.ly/2IqEzpx
Instagram: https://bre.is/px2j78UIi

ვიდეოები „Maestro Television"-ისგან