პატარა ლურჯი მანქანა (საბავშვო)

05/10/2020
Hubble G-ის მიერ

პატარა ლურჯი მანქანა (საბავშვო)
#თეონა21 #Teona21
facebook.com/Teona21
E-mail: [email protected]


ეს ამბავი შემეცნებით პროგრამა «დისქავერიში» ვნახე წლების წინ და მინდა თქვენც გიამბოთ. ერთი კაცი თავის თავგადასავალს ყვებოდა.
ყოველ წელს, ევროპის ერთ-ერთ ქალაქში, დათქმულ ადგილას და დათქმულ დროს პატარა სათამაშო მანქანების მოყვარულები იკრიბებიან. მოაქვთ თავიანთი სათამაშო მანქანების კოლექციები. ზოგი მანქანა 100 წლისაა, ზოგიც - უფრო ახალი. ისინი თავიანთ თავს «დიდ ბავშვებს» ეძახიან. ერთმანეთს თავიანთი ბავშვობისა და მოგვიანებით შეძენილ მანქანებს აჩვენებენ. ხშირად ერთმანეთში ცვლიან, შეიძლება გაყიდონ ან შეიძინონ კიდეც. ჩვენი ავტორი ამ კლუბის წევრი შემთხვევით გამხდარიყო.
ბავშვობაში, დაახლოებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იგი თავის დაბადების დღეს, 6 წლის აღსანიშნავად მამამისს ქალაქში გაუსეირნებია. უნდოდა ბიჭისთვის ნაყინი ან ნამცხვარი ეყიდა. მამას მეტის საშუალება არ ჰქონდა, რადგან მაშინ ისინი ხელმოკლედ ცხოვრობდნენ. მამა-შვილმა შემთხვევით სათამაშოების მაღაზიას ჩაუარეს. ბიჭს ვიტრინაში პატარა ლურჯი მანქანა მოსწონებია, რომელიც სხვებთან შედარებით ბევრად იაფი ღირდა და მამას მისი ყიდვა სთხოვა. მამამ თხოვნა შეუსრულა, მაგრამ ნაყინისთვის ფული აღარ დარჩათ. ბიჭს ეს პატარა მანქანა ისე უყვარდა, რომ ღამეც კი მასთან ერთად ეძინა. რამდენიმე თვეში მამა გარდაიცვალა და თითქმის იმავე დროს მანქანაც სადღაც დაიკარგა. სად არ ეძება ბიჭმა მანქანა, მაგრამ ვერსად იპოვა. მამას ვეღარ დაიბრუნებდა, მაგრამ ეს პატარა მანქანა ბიჭს დარდს შეუმსუბუქებდა, რადგან ის მამის სახსოვარი იყო. სათამაშოების ვერც ერთ მაღაზიაში ასეთი მანქანის კვალს ვეღარ მიაგნო.
ბიჭი გაიზარდა და მილიონერი გახდა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობდა, მთელ თავის ქონებას დაკარგულ პატარა ლურჯ მანქანაში გაცვლიდა.
მოგვიანებით მან გაიგო «დიდი ბავშვების» კლუბის შესახებ. იმედი მიეცა, რომ გამოფენაზე მაინც ნახავდა თავის საყვარელ ლურჯ მანქანას და იყიდდა მას, მაგრამ აქაც არ გაუმართლა. მრავალი წლის მანძილზე დადიოდა გამოფენებზე, «პატარა ლურჯ მანქანას» კი ვერსად წააწყდა.
და აი საოცრება. ერთ-ერთი ასეთი გამოფენა მის 60 წლისთავს დაემთხვა. მან სასწრაფოდ იყიდა თვითმფრინავის ბილეთი და ამ გამოფენაზე გაფრინდა. გამოფენაზე თავისი ნანატრი «პატარა ლურჯი მანქანა» იპოვა. მის დანახვაზე კაცს ხელები აუკანკალდა და თვალზე ცრემლი მოადგა. კოლექციის მფლობელს სთხოვა მანქანა მისთვის მიეყიდა, ნებისმიერ ფასად. კოლექციის მფლობელი კეთილშობილი ადამიანი აღმოჩნდა და ამ კაცის ამბავი რომ მოისმინა, მანქანა უფასოდ დაუთმო. ჩვენი გმირისთვის ეს საჩუქარი ცხოვრებაში ყველაზე დიდი და ძვირფასი საჩუქარი აღმოჩნდა. საჩუქრით შინ რომ ბრუნდებოდა, გვერდით ჯერ ისევ ახალგაზრდა მამა ეგულებოდა, თვითონ კი თავს ბავშვად გრძნობდა. ისინი ერთად ბრუნდებოდნენ გახარებულები. პატარა ლურჯმა მანქანამ მოხუც მილიონერს საკუთარი ბავშვობა და საყვარელი მამა დაუბრუნა.

თეონა გვაძაბია
2005 წელი.