https://mtisambebi.ge/ - 14 დღის წინ გაიფიცნენ და ახლაც, ყინვასა და თოვლში, საირმეში, ღია ცის ქვეშ დგანან - გაფიცვას წინ საწარმოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების მცდელობა უძღოდა. სასმელი წყლის კომპანია \"საირმის\" 35 თანამშრომელი ხელფასის 30%-ით გაზრდას, საწარმოში უსაფრთხო და ღირსეული შრომის პირობებს ითხოვს. გაფიცული თანამშრომლების ხელფასი თვეში დაახლოებით 800-900 ლარია. ორი კვირის განმავლობაში მშრომელების პროტესტით ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესდა, აქციის გამართვის დღეს კი პოლიცია იმერეთის ყველა რაიონიდან იყო მობილიზებული. გაფიცულებს საირმეში სამანქანო გზის გადაკეტვის უფლება არ მისცეს. წყლის საწარმოს ზემოთ მხოლოდ კურორტი \"საირმეა\" და პოლიციის ხელმძღვანელის განმარტებით, ვიზიტორებს დასვენებაში ხელი არ უნდა შეეშალოთ. გაფიცულებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს მსუბუქად დაშავდა აქციის მონაწილე ერთი ქალი.