ველომოგზაურობა ქოროღლის ციხეზე - ველობლოგი

02/28/2020
Cyclist Vlog-ის მიერ

19 ოქტომბერს კავკასიის ველო ქსელის ორგანიზებით მოეწყო ერთდღიანი ველომოგზაურობა კოჯორში, აზეულას (ქოროღლის) ციხეზე.
☝ კოჯრის ციხეში გარდაიცვალა თამარ მეფე;
☝ შამქორის ომის წინ კოჯრის ციხეს სტუმრობდა შირვან შაჰი;
☝ 1921 წელს, რუსეთის XI არმიასთან ბრძოლაში, კოჯრის ციხის მიდამოებში დაიღუპა ქართველ იუნკერთა დიდი ნაწილი...
...აზეულას (ქოროღლის) ციხე მდებარეობს საქართველოში, თბილისიდან 18 კმ–ის მოშორებით, დაბა კოჯრის სამხრეთით მდებარე აზეულას მთის წვერზე. როდის ააგეს, ზუსტი ცნობები სამწუხაროდ არ მოიპოვება. ამ ციხესიმაგრეს მეთხუთმეტე საუკუნემდე აგარათა ციხე ერქვა. წავკისს, შინდისს, ტაბახმელას და კოჯორს ადრე მოიხსენიებდნენ როგორც აგარაებს - სააგარაკო სივრცეს. აქვე გადიოდა მნიშვნელოვანი საქარავნე გზებიც...

ისტორიას ოდნავ ქვემოთ დავუბრუნდებით, რამდენიმე წინადადებით მოგიყვებით მარშრუტზე. გზა დაახლოვებით 20 კილომეტრამდეა, ბოლო მონაკვეთის გარდა, მთლიანად ასფალტიანი. თბილისიდან სოლოლაკით, კოჯორის მიმართლებით მიმავალ გზატკეცილს მიყვება. აღმართები არ არის რთული, უბრალოდ სულ ცოტა 14 კილომეტრი უწყვეტად აღმართში სიარული მოგიწევთ, რასაც სჭირდება აღმართებზე ასვლის ტექნიკის ცოდნა. გზადაგზა დასვენებების ჩათვლით მაქსიმუმ ორსაათნახევარში ახვალთ. დაშვებისას უნდა გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე მოსახვევებში. არაა რთული მოსახვევები, ან რთულად დასაშვები გზა. მიჩვეული ადამიანი მურხუჭებს მთელი გზის მანძილზე სულ 3-4-ჯერ გამოიყენებს. ახალბედებმა გაითვალისწინეთ, რომ ორივე მუხრუჭი უნდა გამოიყენოთ ერთდროულად იმისთვის, რომ დროულად შეანელოთ ველოსიპედი. მოხვევის დროს დამუხრუჭება სასურველი არ არის. მოსახვევის დაწყებამდე უნდა შეანელოთ ისე, რომ ადვილად შეხვიდეთ მოსახვევში. გზაში რამდენიმე ადგილას არიან მაწანწალა ძაღლები, რომლებიც უმეტესად ველოსიპედებს არ ერჩიან, თუმცა იციან გზაზე გადარბენა; რომ დაინახავთ ძაღლს გზის ნაპირზე, აუცილებლად შეანელეთ და ფრთხილად ჩაუარეთ. მაქსიმალური სიჩქარე, რაც შეიძლება დაღმართზე თავისუფალი გორვით აკრიფოთ სამთო ველოსიპედით, არის 60 კმ/სთ.

ქოროღლის ციხიდან იშლება ულამაზესი ხედები და კარგი ხილვადობის პერიოდში ჩანს ორივე ქართლის და კახეთის დიდი ნაწილი.

დავუბრუნდეთ ისტორიულ ცნობებს ციხის შესახებ... მეთერთმეტე საუკუნის სამოციან წლებში აგარათა ციხე ბაგრატ მეფემ წაართვა განჯის ამირა ფადლონს. \"შუამდგომლობითა და სიტყვათა სულთანისათა დაეზავა ბაგრატ და განუტევა ფადლონ და გაგზავნა სახელმწიფოსა თვისსა\". ამირა ფადლონმა მალევე ჩაიგდო ციხე ხელთ, თუმცა სამთვიანი ბრძოლის შემდეგ ბაგრატ მეფემ კვლავ დაიბრუნა აგარათა ციხე და ამირაც სამაგალითოდ დასაჯა.

დიდი თურქობის დროს აგარათა ციხე კვლავ მტრის ხელში აღმოჩნდა და მხოლოდ დავით აღმაშენებელმა შეძლო ციხის დაბრუნება 1118 წელს. ამისათვის მას ერთდღიანი ბრძოლა დასჭირდა.

1123 წელს აგარათა ციხე დავით აღმაშენებელმა ივანე ორბელს გადასცა.

1177 წელს ამ ციხეში შეთქმულებებს გეგმავდნენ დემნა ბატონიშვილი და ივანე ორბელი, რის გამოც გიორგი მეფემ 25 დღიანი ალყის შედეგად ციხე აიღო და ამის შემდეგ გიორგის და თამარის ხელთ იყო.

აგარათა ციხეში მასპინძლობდა თამარ მეფე შირვან შაჰს შამქორის ბრძოილს წინ. აქვე გაატარა თამარ მეფემ სიცოცხლის უკანასკნელი 6 თვე და აქვე გარდაიცვალა.

მეთხუთმეტე საუკუნიდან ციხესიმაგრე სომხით-საბარათიანოს ფეოდალების - სოლოღაშვილების საგვარეულო ციტადელია.

1488 წელს, ხალილ-ბეგის მეთაურობით თურქმანებმა შეუტიეს ციხესიმაგრეს. სოლოღაშვილებს მაშველი ძალა არ ჰყავდათ, მცირერიცხოვანი მებრძოლებით ვერ გაუწიეს წინააღმდეგობა და... \"ხოლო ვითარცა გათენდა, ნახეს თათართა ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და კაცი არა იპოვეს, მიჰყვეს ხელი და დააქციეს.\"

მეცამეტე საუკუნიდან კოჯორში ზაფხულობით მეფეთა დგომის ტრადიცია შეწყვეტილია და მხოლოდ როსტომ მეფემ განაახლა მეჩვიდმეტე საუკუნეში.

მეთვრამეტე საუკუნიდან აგარათა ციხეს უკვე ზოგი აზეულას, ზოგიც ქოროღლის ციხის სახელით მოიხსენიებს.

1795 წელს ქართველებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს აღა მაჰმად ხანის ლაშქარს ქოროღლის ციხის მისადგომებთან.

1921 წლის თებერვალში რუსეთის მეთერთმეტე არმია შემოვიდა საქართველოში და ქოროღლის ციხის მისადგომებთან გაიმართა ბრძოლა რუსულ არმიასა და ქართველ იუნკერებს შორის. ამ ბრძოლაში დაღუპული იუნკერების ნაწილის თბილისში გადმოსვენება და დასაფლავება მოხერხდა, თუმცა გარდაცვლილი და დაჭრილი იუნკერების დიდ ნაწილს ბრძოლის ველზევე მიაყარეს მიწა წითელარმიელებმა - ცოცხლად დამარხეს დაჭრილი ქართველი მებრძოლები. მათ პატივსაცემად საბჭოთა რეჟიმის დამხობის შემდეგ მემორიალი აღმართეს.

© ველობლოგი
My favorites list at Amazon ➜ https://www.amazon.com/shop/aragviani
Blog ➜ https://mobilisinmobilige.blogspot.com/
Instagram ➜ https://www.instagram.com/veloblogi/
facebook ➜ https://www.facebook.com/mobilisinmob...
კავკასიის ველო ქსელი ➜ http://bit.ly/2WVPxZG
#ველობლოგი #cycling

ვიდეოები „Cyclist Vlog"-ისგან