აქცია პარლამენტთან


„ალტ-ინფოსა“ და „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. მათ სამი მოთხოვნა დააყენეს: უნდა გათავისუფლდნენ 5 ივლისს დაკავებულები, დაისაჯონ პირები, რომლებმაც პოლიციელებზე იძალადეს 7-8 მარტს გამართულ აქციებზე და „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს, ხოლო მის ადგილზე რამდენჯერმე სცადეს საქართველოს დროშის აღმართვა. ვითარება პოლიციამ განმუხტა. მანამდე აქციის მონაწილეები სააკაძის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსთან მსვლელობით გადაინაცვლეს. ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. უწყების განცხადებით, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან