ჯანსუღ კახიძის სახელობის III საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

04.05.2017 00:53

10-20 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ლეგენდარულ შემსრულებლებს უმასპინძლებს - მომღერალი პატი ოსტინი, ჯაზ-პიანისტი და კომპოზიტორი ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო, ინოვაციური ვოკალური ჯგუფი შვედეთიდან THE REAL GROUP და ქართული ეთნო-ჯაზ ანსამბლი „ირიაო“, მსმენელთან შესახვედრად ემზადებიან. ამ თემასთან დაკავშირებით 3 მაისს, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ჯანსუღ კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვახტანგ კახიძე გაუძღვნენ. ღონისძიებას მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. 10 მაისს, 20:00 საათზე, ცნობილი ქართული ეთნო-ჯაზ ანსამბლი „ირიაო“ ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალს ახალი პროექტით გახსნის. მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით და მომღერალი სოფო გელოვანი. 13 მაისს, 20:00 საათზე, ვახტანგ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ ცენტრში მსმენელის წინაშე ლეგენდარული ჯაზ პიანისტი და კომპოზიტორი ბობ ჯეიმსი და მისი ტრიო წარდგება. საკონცერტო პროგრამა წარმოდგენილი იქნება თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მაესტრო - ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. ტრიოს წევრები არიან: ბობ ჯეიმსი - (კლავიში) ნიკოლა ანგელუჩი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და იური გოლუბევი (კონტრაბასი). 17 მაისს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში, ვახტანგ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრი უმასპინძლებს სახელგანთქმულ ინოვაციურ ვოკალურ ჯგუფ შვედეთიდან - THE REAL GROUP. ჯგუფის წევრები არიან: ემა ნილსდოტერი, ლიზა ოსტერგრენი, ანდერს ედენტოთი, მორტენ ვინთერი, იანის სტრაზდნისი. 20 მაისს, 20:00 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის მე-3 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გრემის ჯილდოს მფლობელი ლეგენდარული მომღერლის პატი ოსტინის კონცერტით დაიხურება. კონცერტს, რომელიც თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით ჩატარდება, მაესტრო ვახტანგ კახიძე უდირიჟორებს. http://culture.gov.ge/

გაზიარება: