ცხენოსნობა მოყვარულებისთვის /გოგა ქობლიანიძე (ნაბიჯი, ჩორთი, ნავარდი ადგილიდან, ნაბიჯიდან ჩორთიდან)

14.10.2016 09:19

ალური (ფრანგ. allure , სიტყვასიტყვით – სვლა). ცხენის სხვადასხვაგვარი სვლა. ასხვავებენ ბუნებრივ და ხელოვნურ ალურებს, ნაბიჯის სიღრმეს, სიხშირესა და სიმაღლეს. ბუნებრივ ალურს განეკუთვნება ნაბიჯი, ჩორთი, თოხარიკი ანუ იორღა, ნავარდი და ნახტომი. ხელოვნური ალურებია – სააღლუმო, პასაჟი, პიაფე და პირუეტი. ნაბიჯი ოთხტემპიანი, ყველაზე ნელი ალურია. ცხენი ოთხივე ფეხს რიგრიგობით დიაგონალურად ადგამს. სიჩქარე 5-8 კმ/სთ, ნაბიჯის სიგრძე – 1,4-1,8 მ. ჩორთი ორტემპიანი აჩქარებული ალურია. ცხენი ერთდროულად დიაგონალურად ადგამს ორ-ორ ფეხს. ნაბიჯის სიგრძე 2 მეტრამდეა, სიჩქარე 13-18 კმ/სთ. თოხარიკიც სრულდება ორი ტემპით და ჩორთზე მარდია. ცხენს რიგრიგობით გააქვს ორივე მარჯვენა და ორივე მარცხენა ფეხი. ნავარდი ნახტომისებრი ალურია, სრულდება სამი ტემპით და შეიცავს ფრენის ფაზას. მოკლე ნავარდის ნაბიჯის სიგრძეა 1,5-2 მ, ჩვეულებრივი ნავარდის – 3 მ, სიჩქარე საათში 20 კმ-მდე. ნახტომის დროს ცხენი უკანა ფეხებს მიწაზე ერთდროულად დაარტყამს და წინ გახტება. სააღლუმო ალურისას ცხენი მიდის ჩორთით და მაღლა სწევს გამართულ ფეხს. პასაჟი მაღალი და მოკლე ჩორთია შენელებული დიაგონალური მოძრაობით. პიაფე ადგილზე შესრულებული პასაჟია, როცა ამრეკნი ძალა გამზიდად გარდაიქმნება. პირუეტის დროს ცხენი წინა ფეხებით სრულ წრეს შემოხაზავს, უკანა ფეხებს კი, თითქმის ადგილზე, მოძრაობის რიტმს აყოლებს. ალურის დროს ნაბიჯის სიგრძე იზომება წინა ფეხების კვალის მიხედვით, სიხშირე კი განისაზღვრება წუთში ნაბიჯების რაოდენობით. თუ ცხენი ფლოქვებს მეორე ფეხის საბორკილე სახსარზე მაღლა სწევს, მაშინ სვლა მაღალია, თუ არ სწევს – დაბალი. Facebook:   / goga.koblianidze   YouTube Channel:    / @gogaqoblianidze4531   Myvideo.ge : http://www.myvideo.ge/?user_id=1661674

გაზიარება: