მალე გამოვა "ცხენები და ჩემი ცხოვრება"

06/06/2022

#თუშეთი #ცხენები #ცხენი
2021 წლის ოქტომბრის მზიან კვირა დღეს ქვემო ალვანში ვესტუმრეთ სოსო ბაბულაიძეს და გადავიღეთ მასალები მომავალი ლამაზი ფილმისთვის, რომელსაც სახელწოდებაც სათანადო მოვუფიქრეთ - „ცხენები და ჩემი ცხოვრება“.
გასულ მაისსაც დავესწარით „ზეზვაობა - 2022“-ს და ასევე გავამდიდრეთ ეს ნამუშევარი ახალ-ახალი ლამაზი და შთამბეჭდავი კადრებით.
ფილმის სრული ვერსია უახლოეს პერიოდში გამოვა, მანამდე კი მინდა წარმოგიდგინოთ მოკლე ვიდეო-ანონსი. ამ ვრცელ ფილმში სოსო ბაბულაიძე დაწვრილებით გვიზიარებს ცხენებთან მუშაობის თავის მრავალწლიან გამოცდილებას: რა განსაკუთრებული უპირატესობები გააჩნია თუშური ცხენს, რა საკვები სჭირდება (რაციონი), როგორ უნდა მოვუაროთ, რამდენად განვითარებულია ადგილობრივი დოღების ტრადიცია (ახმეტის მუნიციპალიტეტში), როგორ იხედნება ახალგაზრდა ცხენი და სხვა მრავალი საინტერესო საკითხი, რაც დაკავშირებულია საცხენოსნო საქმესთან.
ფილმი საინტერესო იქნება, როგორც ცხენოსნობის მოყვარულებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც უყვარს თუშეთი, თუშური ფოლკლორი და კულტურა, ვინც გეგმავს ცხენის შეძენას, ცხენოსნობის შესწავლას, ან დაინტერესებულია ეროვნული ტრადიციებით და, ზოგადად, ახალი ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენით.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარს ცისკარა უგრეხელიძეს, რომელიც ამ ფილმის ოპერატორია.
აგრეთვე მადლობას ვუხდი ანზორ ხიზანაიძეს, იორამ იჭირაულს (მხედარსა და ცხენოსნობის ადგილობრივ სპეციალისტს), ქეთი ბაბულაიძეს.
მადლობა ყველას, ვინც დამეხმარა ამ დიდი პროექტის განხორციელებაში!
გელოდებით პრემიერაზე და ველი თქვენს ჩართულობას ფილმის პოპულარიზაციაში!