დემოგრაფიული პრობლემა

03/24/2017
Business Media Georgia-ის მიერ

ჩვენ ადრე გვითქვამს, რომ საქართველოში შობადობის კოეფიციენტი საუკეთესოა ევროპაში – ირლანდიისა და ისლანდიის გამოკლებით. აი, მაგალითად, 2013 წელს საქართველოში მეტი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ამავე წელს საქართველო იყო იმ 19 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობამაც, წინა წელთან შედარებით, იკლო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წმინდა ემიგრაცია რომ არა, მოსახლეობა გაიზრდებოდა და არ შემცირდებოდა. ასეთი მსოფლიოში საქართველოს გარდა სულ სამი ქვეყანა გახლდათ – ალბანეთი, ესპანეთი, და პუერტო რიკო.
ამასთან დაკავშირებით, ამავე სტუდიაში დაგვისვამს კითხვა, რა მეტად ვნებს ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას – დაბადებები
თუ წუხილი საქართველოში დაბადებაზე?
მაგრამ გაეროს ახალი ანგარიში სხვა მნიშვნელოვან კიტხვებსაც აჩენს და ამ კითხვების საბაბია ჩვენი დღის რიცხვი – 2,985,000

გაერო-ს მიერ ჩატარებული კვლევებისა და დემოგრაფიული სიტუაციის პროგნოზის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს დემოგრაფიული პოლიტიკა და სტრატეგიები არ შეიცვალა, ქვეყნის მოსახლეობა 2050 წლისთვის 2 985 000 გახდება.
მიზეზი მიმდინარე შობადობა არაა. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში შობადობის მაჩვენებლის უარყოფითი ტენდენციები არ შეინიშნება, დემოგრაფიულ საკითხებში ექსპერტთა ვარაუდით, უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდება. ვარაუდი გამყარებულია იმ მოსაზრებით, რომ 2017-2018 წლებიდან ქორწინებისა და რეპროდუქციული პოტენციალის ასაკში შევა 90-იან წლებში დაბადებული მოსახლეობა, როდესაც საქართველოში შობადობა ძალიან დაბალი იყო. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშაოს შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
IDFI-მ გამოსული ანგარიშთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული დემოგრაფიული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრატეგიის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს შობადობასთან დაკავშირებული მოსალოდნელი რისკების მაქსიმალურად შემცირებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის #262 დადგენილებით დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება. თუმცა, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოში არსებული ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებასა და მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური მხარდაჭერის სათანადო პირობების შექმნას და საჭიროებს გაუმჯობესებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით“.
მაგრამ მხოლოდ მიზნობრივი სოციალური პროგრამა საქმეს ვერ უშველის. ჩვენთან ყოველ 10,000 ახალშობილზე 120 5 წლამდე ბავშვი იღუპება. ეს ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელია ჩვენს დემოგრაფიულ სტატისტიკაში, თუმცა სხვებისგან განსხვავებით, ზრდის დინამიკით ხასიათდება და არა კლების. ამითაა საყურადღებო.
როგორც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესწავლის შედეგებიდან იკვეთება, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის გამომწვევ რისკებს შორის ფიგურირებს სამედიცინო მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ამავდროულად, ხარისხიანი და დროული მომსახურების მიწოდება მოსახლეობისათვის, აგრეთვე, სამშობიარო სახლებისა ან განყოფილებების სათანადო სამედიცინო ინვენტარითა და ინფრასტრუქტურით აღჭურვა, მათ შორის, ახალშობილ პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვისათვის საჭირო აღჭურვილობა და მომარაგება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს შესაბამისი პროფილის სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის კუთხით არსებული ხარვეზები.
ჩვენ, როგორც საზოგადოება, ბევრს ვფიქრობთ როგორ წავახალისოთ შობადობა და თითქოს საერთოდ არ გვადარდებს უკვე დაბადებული ბავშვების ბედი. ამის ნათელი ილუსტრაციაა, რომ შობადობა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გვაქვს, სიკვდილიანობა კი ერთ-ერთი ყველაზე უარესი. სხვა სიტყვებით, ბავშვი მხოლოდ დედის მუცელში გვაინტერესებს, დაბადებული კი განგების, ცუდად აღჭურვილი საავადმყოფოებისა და არაპროფესიონალი პერსონალის ამარაა მიგდებული.
ამ საკითხებს რაციონალურობასთან ახლო მდგომი და არა სადღეგრძელოს ფორმატის პასუხი სჭირდება.

შოთა დიღმელაშვილი

საქმიანი დილა
24/03/2017

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან