არჩევნები 2018 - უცხოური მედიის შეფასებები


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს უცხოური მედია აფასებს.

„საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში: ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს. პირველ ტურში მიღებული ხმების 38,61% ის არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფება. მეორე ტური ნოემბრის ბოლოსთვის გაიმართება“, – წერს ფრანგული გამოცემა Le Monde.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილის ფსონი გიჟურია, კერძოდ, კავკასიის იმ პატარა ქვეყნის პრეზიდენტობა, საიდანაც მისი წინაპრები თითქმის 80 წლის წინ გაიქცნენ.

Le Monde წერს, რომ თითქმის საბოლოო შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მთავარი მეტოქე, ყოფილი საბჭოთა დიპლომატი გრიგოლ ვაშაძეა, რომელმაც ხმების 37,72% მიიღო. მან უკვე მოიპოვა მესამე ადგილზე გასული კანდიდატის, დავით ბაქრაძის (10,98%) მხარდაჭერა. ორი მამაკაცი, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობისთვის იბრძვის, ერთად წარდგება ფორმალურად დამოუკიდებელი კანდიდატის, ქალბატონ ზურაბიშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს. ეს უკანასკნელი წინასაარჩევნო ომისთვის საჭირო ძლიერ მანქანას ფლობს, მაგრამ შედეგი მაინც შორს აღმოჩნდა იმისგან, რაც ამ პარტიამ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიიღო, როდესაც ხმების 2/3 და საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.

თურქული გამოცემა Daily Sabah-ი, წერს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება მას შემდეგ, რაც პირველ რაუნდში გამარჯვებული ვერ გამოიკვეთა. სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები „განიხილება როგორც გადამწყვეტი ტესტი სულ უფრო მეტად არაპოპულარული მმართველი პარტიისთვის“.

„თითქმის ყველა საარჩევნო უბნის მონაცემებით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, საფრანგეთის ყოფილი ელჩი სალომე ზურაბიშვილი მცირედით ლიდერობას- ხმების 38,66 პროცენტით, ოპოზიციის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის 37,7 პროცენტთან შედარებით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, კანდიდატს მეორე ტურში გამარჯვებისთვის ხმების 50%+1 ხმა სჭირდება“, – აღნიშნულია Daily Sabah-ის სტატიაში.

როგორც თურქული მედიასაშუალება აღნიშნავს, ეს არის შერკინება 2020 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების გადამწყვეტი ბრძოლის წინ. გამარჯვების შემთხვევაში, ვაშაძე აცხადებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად კამპანიას ჩაატარებს.

„ორივე კანდიდატი პირობას დებს, რომ საქართველოს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიან წევრობასთან დააახლოებს. შავი ზღვისპირა პატარა სახელმწიფო ნატო-ს კარზე უკვე ათწლეულზე მეტია აკაკუნებს, თუმცა ბლოკს თბილისი ფორმალური წევრობის გზაზე ჯერ არ დაუყენებია, 2008 წლის დაპირების მიუხედავად“, – ნათქვამია სტატიაში.

Daily Sabah-ი წერს, რომ კამპანიის დროს ვაშაძე აკრიტიკებდა „ქართული ოცნების“ მილიარდერი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის „არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას“. საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ივანიშვილი პრემიერის თანამდებობიდან 2013 წელს გადადგა, თუმცა ფართო წრეების მიერ ის კვლავ ქვეყნის დეფაქტო მმართველად მიიჩნევა.
კამპანიის მიმდინარეობისას, ზურაბიშვილი და „ქართული ოცნება“ აკრიტიკებდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის.

ხმის მიცემის პროცედურა საქართველოს ბოლო პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, ვინაიდან ქვეყანა საპარლამენტო რეჟიმზე გადადის. სახელმწიფოს ახალი მეთაური ძირითადად ცერემონიალური ფიგურა იქნება, მის შემცვლელს 2024 წელს უკვე 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან