ახალი 3 | არასამთავრ.განცხადება | 25.09.12

25.09.2012 01:14

წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობოები. "არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ მოითხოვენ წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღონ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა, რომელთა თანამდებობაზე ყოფნის დროს ფორმალური და არაეფექტური გამოძიებების პირობებში წახალისდა და სისტემურ პრობლემად იქცა პატიმართა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. გამოძიებამ უნდა შეისწავლოს სასჯელაღსრულების სისტემის ყოფილი ხელმძღვანელების სისხლის სამართლებრივი საკითხიც. არაეფექტური გამოძიებების უამრავი მაგალითი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ მთავარი პროკურატურის მიერ არც ამჯერად მოხდება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების სათანადო გამოძება,"- ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობოები ამბობენ, რომ აუცილებელია გატარდეს ზომები წამების მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც ასევე ხელს შეუწყობს გამოძიების ეფექტურად და ობიექტურად წარმართვას. "პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრთა შემდგომი ტრავმატიზაციის თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით უნდა მოვერიდოთ ძალადობის მსხვერპლი პატიმრების ვინაობის გასაჯაროებას და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ამოცნობადი კადრების გავრცელებას. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოს მთავრობის მიერ არ გადადგმულა ნაბიჯები წამების მსხვერპლთა გადაუდებელი ფსიქოლოგიური დახმარებისა და რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად, რაც ყოვლად გაუმართლებელია.,"- ნათქვამია არასამთავრობო სექტორის განცხადებაში. http://tv9.ge http://tv9.ge/live http://tv9.ge/twitter http://tv9.ge/scribd http://tv9.ge/facebook http://tv9.ge/youtube

გაზიარება: