საეკლესიო კალენდარი - 17/03/2013


ღირსი იაკობ მმარხველი (VI)
4 (17) მარტი
ღირსი იაკობ მმარხველი (IV) ფინიკიის ქალაქ პროთირიონთან ახლოს მოღვაწეობდა. ის 15 წელი ცხოვრობდა გამოქვაბულში და, განსაკუთრებული ღვთისმოსაობის გამო, უფლისაგან სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. მისი გავლენით, ბევრი იქაური მცხოვრები მოექცა ქრისტეს სჯულზე. შემდეგ იაკობი სხვა გამოქვაბულში გადავიდა და იქ 30 წელი გაატარა. ეშმაკმა საშინელი განსაცდელი მოუვლინა წმიდანს: ერთხელ იაკობმა ბოროტი სულით შეპყრობილი გოგონა განკურნა, შემდეგ კი ცოდვით დაეცა მასთან. ჩადენილი ცოდვის გამო სინდისის ქენჯნით შეძრწუნებული ბერი დიდხანს დაეხეტებოდა უდაბნოში, ვერსად პოულობდა თავშესაფარს და იქამდეც კი მივიდა, რომ ბერობის დაგდება და ერში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ მრავალმოწყალე უფალმა არ დაუშვა მონანული სულის დაცემა. უდაბნოში მოხეტიალე იაკობი მონასტერს გადააწყდა და იღუმენის და საძმოს წინაშე აღიარა თავისი ცოდვა. მიუხედავად იღუმენის რჩევისა, დარჩენილიყო მათთან, იაკობმა კვლავ უდაბნოს მიაშურა, ბოლოს იგი შეხვდა ერთ მადლითა და სიბრძნით აღსავსე მეუდაბნოეს, მანაც თავისთან დარჩენა შესთავაზა იაკობს. იაკობი არ დარჩა, მაგრამ მეუდაბნოესთან საუბრით გაძლიერებული და დაიმედებული გამოქვაბულში ჩაიკეტა და ათი წლის განმავლობაში სინანულით, ცრემლითა და გოდებით შესთხოვდა უფალს ცოდვის მიტევებას. ღმერთმა შეივრდომა ლოცვებით განძლიერებული ბერი და კვლავ მიჰმადლა სასაწაულთქმედების ნიჭი. წმიდა იაკობი სიკვდილამდე თავის გამოქვაბულში ცხოვრობდა და იქვე დაიმარხა.
„წმიდანთა ცხოვრება\", ტომი I, თბილისი, 2001 წ.

ვებ გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/10FcXji

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან