ვლასა მგელაძე.

05/27/2020

( ფილმი მოამზადეს კახაბერ გვარლიანმა და ვლასი ვაწაძემ, სპეციალურად 1918 წლის 26 მაისისთვის)
ვლასა მგელაძე 20 საუკუნის დასაწყისის ერთ ერთი გამორჩეული საზოგადო მოღვაწეა. ზოგიერთი ცნობით დაიბადა 1868 წლის დეკემბერში,მის ნაშრომი 26 მაისში, რომლის გამოცემის ადგილად პარიზია მითითებული სულ ბოლოს ,ჩანართის სახით ,ვლასას შესახებ მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებში ვკითხულობთ, რომ ის 1871 წელს დაბადებულა.
ვლასა მგელაძე დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზომლეთში, ვლასა მგელაძის მოგნებებში ვკითხულობთ „აქ დავიბადე,აღვიზარდე საყვარელ დედის გილმკერდზე“ ( მოგონებები, წიგნი მეორე,1972, გვ.13). ბოლშევიკთა წრეში პატივისცემით სარგებლობდა,ასე მაგალითად რუბენ ყიფიანი იგონებს „ლენინმა საქართველოს დაპყრობისთანაზე (1921 წ.) იკითხა ვლასა და დიდ სისუტედ ჩაუთვალა თავის ქართველ მიმდევრებს,რომ ვერ მოაგვარეს მასთან სასურველი დამოკიდებულება“.( რ. ყიფიანი. „ვლასა მგელაძის მოსაგონებლად. „კავკასიონი IX, 1964 წ. გვ. 156). ლენინისგან განსხვავებით ვლასას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა სტალინთან, არსებობს რამდენიმე მოგონება მგელაძეზე და სტალინზე, ერთხელ რუსეთში სტალინი და მგელაძე შეხვედრიან, ვლასას შეუხსენებია სტალინისთის: „გახსოვს ახალგაზრდობაში რა ლამაზ ლექსებს თხზავდი სამშობლოზეა?“ ,რაზეც მოამავალ „ხალხთა ბელადს“ მიუგია: „ეს ახალგზარდობის სისულელე იყოო“,მაქსიმ გორკი
რომელიც ცნობილი იყო თავისი უარყოფითი დამოკიდებულებით მენშევიკებისადმი, და რომელთაც „ გზააბნეულ სულებად“ მოიხსენიებდა, გამონაკლისის სახით ორ მენშევიკს მარტოვს და მგელაძეს სცემდა პატივს. ვლასა გორკის მისი „დაუმორჩილებელი ბუნების და ძლიერი აღნაგობის გამო მოსწონდა“ ვლასა გორკის იტალიაში,კუნძულ კაპრაზე შეხვედრამდე გაუცნია, თუმცა კაპრაზე ძეხვედრის შემდეგ, სადაც უფრო დიდხანს ჰქონდათ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა, გორკი დაწერს: „არა, დიდი დოზით, კარგი ადამიანიც კი, თუ ის მენშევიკია, აუტანელი არისო“ (“Встречи с Лениным” Максим Горкий). ვლასას აფასებდნენ მისი რისკიანი ხასიათის გამო, იმის გამო, რომ ის იყო წინსწრაფული, იდეისთვის თავსაც კი გასწირავდა, ესეთი ხალხი კი განსაკუთრებით ბოლშევიკებში და ანარქისტებში ფასობდა,
პირველი ზიზღი მტრისადმი, ვფიქრობ ვლასას პატარობიდანვე ჩაესახა, თავის მოგონებებში ვლას იხსენებს თავის პატარობას და წერს: „ როდესაც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მონაწილენი თავიანთ საგმირო უთანასწორო ბრძოლას,ხალხს ზამთრის ღამეში უამბობდნენ,მე , შეშინებული,ბებიას კალთაში ვაფრინდებოდი.რუსს როგორ ებრძოდნენ? პირდაღებული , ჩოხატაურის „პუნქტის“ მონაწილეთა -ოსია მეგრელაძეს,გაბრიელ ცინცაბაძეს -მივჩერებოდი...კარგად დაიმახსოვრე, ბიძია, გაიზრდები,ვინ იცის ეგებ თქვენც ჩვენებურ რუსებთან ჩხუბი მოგიწიოთო-გვეუბნებოდნენ ეს ხალხსი გმირები. ( ვლასა მგელაძე. 26 მაისის მოგონებები. გვ. 8).
ვლასა რევოლუციურ წრეებში „ტრიას“ სახელით იყო ცნობილი, გორკი თავის მოგნებებში „ტრიაძეთაც“ მოიხსენიებს, როგორც ჩანს ეს რევოლუციური სახელი 1911 წლის შემდეგ შეარქვეს. „ტრია“ ყუმბარებსაც ამზადებდა, გარდა იმისა, რომ რევოლუციური პროკლამაციების გავრცელებით და სხვადასხვა მიტინგების მოწყობით იყო დაკავებული. 1908 წელს ირანში, თავრიზის რევოლუციაში მონაწილეობდა და ბრძოლის მზადებისას ხელში ყუმბარა აუფეთქდა და მარჯვენა ხელის დაზიანება მიიღო.
რევოლუციური სული მას 1917 წლის შემდეგაც გადმოყვა, იყო საქართელოს ეროვნული საბჭოს წევრი,1917 წლის დეკემბერში სახალხო გვარდიის ერთ ერთი დამაარსებელი. ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.
იყო პატრიოტი. მის მემუარულ ნაშრომ „ 26 მაისის მოგონებებს“, თუ დავაკვირდებით, ძირითადად საუბარი საქართველოს ცნობილი საზოგადო მოღვაწეების გარდაცვალებაზე აქვს, მისი მემუარები სენტიმენტალურობით არის გაჟღენთილი, ოღონდ ეს სულაც არ აკნინებს მათ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ამ სენტიმენტალურობაში მისი ჭეშმარიტი სიყვარული იგრძნობა სამშობლოსადმი, იმ სამშობლოსადმი, რომელიც უცხოეთში გადახვეწილს 1943 წლამდე ენატრებოდა. ჩანაწერებში იმ ადამიანთა გარდაცვალებებს იხსენიებს, რომელთაც პირადად იცნობდა, ან მათ დაკრძალვაზე სიტყვა წარმოუთქვამს, უმეტესობა მათგანი მამადავითის პანთეონშია დაკრძალული, იმ პანთეონში, რომელზეც 1918 წლის 26 მაისს , 17:10 წუთის შემდეგ აიჭრა, ეს ცნობაც ჩვენთვის, მისი მეგობრის რუბენ ყიფიანის ჩანაწერებიდანაა ცნობილი, ყიფიანი იხსენებს: „26 მაისს, ჩვენი დამოუკიდებლობის დღეს ვლასა მიიმალა და აღარ სჩანდა.ვნახე მხოლოდ გვიან ნაშუადღევს. ჩემს შეკითხვაზე,თუ სად იყო მიპასუხა: -მამადავითის ეკლესიაზე ზარს ვრეკავდი; ილია ჭავჭავაძეს,აკაკი წერეთელს,დიმიტრი ყიფიანს თავისუფლება მივულოცე...“ ( რ. ყიფიანი. დასახელებული ნაშრომი. გვ. 157)
ჩვენს მიერ გადაღებული ვიდეო წარმოადგენს მცდელობას, უკეთ გავიცნოთ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მამები. გვაქვს სურვილი ერთგვარ ტრადიციად ვაქციოთ ,ყოველ წელს, 1918 წლის 26 მაისს, იმ გზის გავლა, რომელიც ვლასა მგელაძემ გაიარა.
სტატიის ავტორი: ვლასი ვაწაძე

ვიდეოები „vlasi vatsadze Власи Вацадзе"-ისგან