საქართველო ვენეციის საერთაშორისო ბიენალეზე

05/12/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

10 მაისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს პავილიონი პროექტით, „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პავილიონის კომისარი ანა რიაბოშენკო ესწრებოდა.
პროექტმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი იმერული ოდა, რომელსაც პროექტის ავტორმა ვაჟიკო ჩაჩხიანმა ჭიათურასთან ახლოს მდებარე სოფელში მიაკვლია.
ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე წარსადგენ პროექტს ორგანიზებას უწევს ააიპ „ობსკურა“.
ვაჟიკო ჩაჩხიანის ინსტალაცია „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“ მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე.
პროექტის კურატორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი - იულიან ჰეინენი, მწერალი, სპეციალიზირდება თანამედროვე ხელოვნებაზე. 2003–2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, და 2008 წელს შანხაის ბიენალეს ერთერთი კურატორი. ამჟამად, ცხოვრობს და მუშაობს ბერლინში.
ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში წელს 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ქ. ვენეციაში იმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს “VIVA ARTE VIVA” (კურატორი კრისტინ მასელი). „VIVA ARTE VIVA” კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობადი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეო-ჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.
ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზეა“ განთავსებული, რომლისთვისაც შენობაში “Artiglierie” 115 კვ.მ. ფართობის სივრცეა განსაზღვრული.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან