ათასობით გულშემატკივარი სუპერთასის ბილეთების მოლოდინში - რა ვითარებაა ვაკის პარკში


ცოცხალი რიგი, გამკაცრებული კონტროლი და ათასობით გულშემატკივარი უეფა-ს სუპერთასის ბილეთების მოლოდინში - ფეხბურთის ფედერაციამ დილის 09:00 საათიდან \"ბარსელონა\"-\"სევილიას\" თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

რიგი ვაკის პარკიდან იწყება და მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონის დროებით სალაროებთან სრულდება. ტერიტორიაზე უსაფრთხოებას და წესრიგს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ფეხბურთის ფედერაციის მოხალისეები უზრუნველყოფენ.

სპეციალური კონტროლის გავლის შემდეგ, ერთ გულშემატკივარს მხოლოდ ოთხი ბილეთის შეძენა, ნაღდი ანგარიშსწორებით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით შეუძლია.

ვაკის პარკში, ცოცხალი რიგის პარალელურად, ფეხბურთის გულშემატკივრები 50-კაციან ჯგუფებად დაიყვნენ. წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მათ სალაროებამდე, სავარაუდოდ, ფედერაციის დანიშნული ორგანიზატორები მიიყვანენ.

ბილეთების რიგში ხშირია შელაპარაკება. ფეხბურთის ქომაგები უკმაყოფილებას, ძირითადად, ურიგოდ მიმავალი პირების მიმართ გამოხატავენ.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან