სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება


რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების სარჩელზე სტრასბურგმა მორიგი გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა. საუბარია საქმეზე „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. საქართველოს მხრიდან კი დაადგინა, რომ კონვენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე პერიოდს.

კერძოდ, ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას დაკავებებს 2001 და 2003 წლებში, შესაბამისად, ასევე მათ მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, გასამართლებასა და დაკავებას. მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ორი მოსარჩელის მიმართ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი. ესენია: მესამე მუხლი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, მეხუთე მუხლი, პირველი პუნქტი, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, და მეექვსე მუხლის პირველი და მესამე პუნქტები სამართლიანი სასამართლოს უფლება.

უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა უნდა გადაუხადოს მამასახლისსა და ნანავას 35 ათასი ევრო, თითოეულს მორალური ზარალის ანაზღაურების სახით, ასევე ჯამში, 23 300 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად. სტრასბურგის სასამართლოს დასკვნით, აფხაზეთის მიმართ მუდმივი და არსებითი პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერითა და გადამწყვეტი სამხედრო ჩარევით, რუსეთი ეფექტურ კონტროლს და გადამწყვეტ გავლენას ახორციელებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, ჰქონდა იურისდიქცია საჩივრის საკითხებზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მამასახლისისა და ნანავას უფლებების უზრუნველსაყოფად, თუმცა წააწყდა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობაზე მუდმივ უარს და რუსეთის ხელისუფლების უმოქმედობას.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან