არჩილ თალაკვაძის განცხადება


საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნებულიყო სახლში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„დღემდე ჩვენი მთავარი ამოცანა იყო და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დაბრუნებულიყო სახლში. ის უკვე სახლშია. გვიხარია, რომ უვნებლად დაუბრუნდა ოჯახს და გააგრძელებს თავის საქმიანობას. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ აჩვენებს საოკუპაციო რეჟიმის და რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულებას ადამიანის, ადამიანური ღირებულებების მიმართ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ პრინციპულად ყველა საერთაშორისო ფორმატში იმ შემთხვევების წამოწევას და იმ პრობლემების წამოწევას, რომელიც ოკუპაციას ახლავს თან.

იყო წარსულში გატაცების ფაქტები, იყო უმძიმესი დარღვევები ადამიანის უფლებების და სიცოცხლის ხელყოფის, რაც მიუთითებს, რომ ეს კონფლიქტი, არ არის გაყინული კონფლიქტი. ევროპამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩვენმა პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, რომ ეს კონფლიქტი გრძელდება და ყოველდღიურ რეჟიმში იწვევს პრობლემებს, რომლებიც ეხებათ ადამიანებს და რომელიც პრობლემებს უქმნის საქართველოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, იცოდა თუ არა ხელისუფლებამ გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი, ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ექიმის გათავისუფლება მთელი საზოგადეობის დამსახურებაა.

„ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის ხელისუფლების, ოჯახისა და მთელი საზოგადოების დამსახურება. ჩვენ ერთად ვიდექით ამ მნიშვნელოვანი ამოცანის და მოთხოვნის გარშემო, ასე რომ, ცალკე არ მგონია, სწორი იყოს ჩვენი საზოგადოების დაყოფა იმასთან მიმართებაში, ვისი დამსახურებაა. საერთოდაც, დამსახურებაზე საუბარი რამდენად უპრიანია, ესეც საზოგადოებამ შეაფასოს. იყო პრობლემა, ადამიანი იყო პატიმრობაში და ჩვენ ყველანი ვალდებული ვიყავით, რომ გადაგვედგა მაქსიმალურად ყველა ნაბიჯი, რათა ის გათავისუფლებულიყო. იცოდა თუ არ იცოდა, ჟურნალისტები ბრძანდებით და ადვილად შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რომ პირველი განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იყო პირველ რიგში პასუხისმგებელი ამ საქმესთან დაკავშირებით, გადაედგა ნაბიჯები და ყოველდღიური ყურადღება მიექცია თემისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან