სამუელ ჩავლეიშვილი - ღიღინი

11/17/2021
Georgian Music-ის მიერ

სამუელ ჩავლეიშვილი - გურული სიმღერების საუკეთესო მცოდნე და უნიკალური ვარიანტების შემქმნელი, სიცოცხლეშივე „გურიის ბულბულად“ წოდებული, დაიბადა 1857 წელს, ოზურგეთის მაზრის ასკანის თემის სოფელ ოქროსქედში. ჩავლეიშვილები მაქსიმელაშვილის ყმა გლეხები ყოფილან. სამუელ ჩავლეიშვილს ხელმოკლეობის გამო მხოლოდ ასკანის ორკლასიანი სკოლა დაუმთავრებია. თავადი მაქსიმელაშვილი გურული სიმღერის კარგი მცოდნე ყოფილა: სოფელ ბაღდადში, მის სასახლეში, თავს იყრიდნენ სიმღერის მცოდნენიცა და შესწავლის მსურველებიც. თავადს პატარობიდანვე გამორჩეულად შეჰყვარებია ნიჭიერი ბავშვი, ჯერ თვითონ უსწავლებია სიმღერა და შემდეგ, ჩვეულებისამებრ, დასაოსტატებლად ძიმითში, გურიელების მოურავთან - დათა გუგუნავასთან გაუმწესებია. ერთ წელიწადში სამუელმა დათასგან ჩონგურზე დაკვრა, უამრავი სიმღერა და სძლისპირი შეისწავლა. საბოლოო სრულყოფილებას ცნობილ მგალობელთან ანტონ დუმბაძესთან მიაღწია. მაქსიმელაშვილთან დაბრუნებულმა 1901 წელს ცხრაკაციანი ჯგუფი შექმნა: თვითონ, სამუელ ჩხიკვიშვილი, ილარიონ ჩავლეიშვილი, ბესარიონ ინწკირველი, ალექსანდრე მახარაძე, ლადიკო დოლიძე, სამსონ ურუშაძე, ე. სიმონიშვილი, შ. სიამაშვილი. მათ გარეშე გურიაში არც ერთი სალხინო შეკრება არ გაიმართებოდა. მოგვიანებით ისინი საქველმოქმედო კონცერტებს მართავდნენ. ერთხანს სამუელს ფოთში სამიკიტნო ჰქონია, რომელიც გურულ მომღერალთა თავშეყრის ადგილი იყო და იქედან ისეთი სიმღერა ისმოდა, გარეთ ხალხი გურული მომღერლების სიმღერაში შეჯიბრს საათობით უსმენდა... 1908 და 1914 წლებში იმღერეს აკაკის საიუბილეო საღამოებზე სხვიტორში. 1913 წელს ვაჟა-ფშაველას საღამოზეც იმღერეს, თბილისში. აკაკის ინიციატივით ჩაიწერეს პირველად და გრამფირფიტაზე გამოსცეს მათი ნამღერი. საქმე ისე წავიდა, რომ გრამოფონის მფლობელი ვაჭრები ხალხის მოსაზიდად ჩავლეიშვილის ჯგუფის სიმღერებს უკრავდა! 1912 წელს სამუელი და ჩოხატაურელი მომღერლები - ლადიმე ბერძენიშვილი, ბარნაბ, ვახტანგ და ერმალო სიხარულიძეები - ხშირად მართავდნენ კონცერტებს ჩოხატაურში. 1917 წელს ერმალო სიხარულიძის ინიციატივითა და მეცენატ ნოე სიხარულიძის ხელშეწყობით თბილისში ჩამოყალიბდა გურულ მომღერალთა გუნდი სამუელის ხელმძღვანელობით (ერმალო სიხარულიძე, ვახტანგ სიხარულიძე, ლადიმე ბერძენიშვილი, ბესო ინწკირველი, სამსონ ურუშაძე, ვარლამ ვაშალომიძე, ნიკა ლომინაძე). სამუელი პარალელურად განაგრძობდა მოსწავლეთა წვრთნას და სიმღერა-გალობის სწავლებას. ნიჭიერ და ალღოიან ბავშვს სადაც ნახავდა, ხელიდან არ უშვებდა და უანგაროდ ამეცადინებდა. მის ოჯახში თვეობით ცხოვრობდნენ ლადიმე ბერძენიშვილი, კალისტო რამიშვილი, ვახტანგ სიხარულიძე, გიორგი თალაკვაძე, აკაკი ბასილაშვილი და სხვები. ამიტომაც სამუელის ჯგუფში მუდამ იყვნენ არა რიგითი მომღერლები, არამედ ნამდვილი ოსტატები, მათ შორის - ვარლამ სიმონიშვილიც, რომელმაც მთელი ცხოვრება ამ საქმეს მიუძღვნა და მომღერალ-ლოტბართა თაობები გამოწვრთნა. ამგვარად, სამუელისეული სტილი და მანერა მთელს გურიაში დამკვიდრდა. სამუელი მეგობრობდა საქართველოს სხვა კუთხეების ლოტბარ-მომღერლებთანაც: ძუკუ ლოლუასთან, მიხა ჯიღაურთან, კირილე პაჭკორიასთან და სხვ. 1923 წელს ჩატარდა გურულ მომღერალთა პირველი ყრილობა, რომელსაც სამუელი თავმჯდომარეობდა. 1924 წელს სამუელი სუფსის გუნდთან ერთად ილიკო მორჩილაძეს სწვევია და სიმღერაში მეგობრული პაექრობა გაუმართავთ. 1927 წელს თბილისსა და ოზურგეთში ფართოდ აღინიშნა სახალხო მომღერლის მოღვაწეობის 50 წლისთავი. სამუელ ჩავლეიშვილი გარდაიცვალა 1932 წლის 2 მაისს და, ანდერძისამებრ, თავის ეზოში დაკრძალეს.

==============================================================================
სიმღერა,სიმღერები,მუსიკა,მელოდია,ხალხური,საქეიფო,Georgian music,Georgian folk,ქართული,ქართული სიმღერა,ქართული სიმღერები,ხალხური სიმღერა,ხალხური მელოდია,საქეიფო სიმღერა,საქეიფო სიმღერები,simgera,simgerebi,saqeipo,saqeifo,qartuli,qartuli simgera,qartuli simgerebi,saqeifo simgera,saqeifo simgerebi, ფოლკლორი, georgian,სამუელ ჩავლეიშვილი,სამუელ,ჩავლეიშვილი,Samuel CavleiSvili,Samuel,chavleishvili,
================================================================

#სიმღერა #მუსიკა #ქართული