დღის რიცხვი

06/15/2017
Business Media Georgia-ის მიერ

შარშან ეს რიცხვი 8 იყო, შემდეგ ექვსი, ახლა კი უკვე ხუთი. 5 უმდიდრესი ადამიანი ფლობს იმდენივეს, რამდენსაც სამყაროს უღარიბესი 3.7 მილიარდი ადამიანი. ეს რიცხვი ბუნებრივია, იქნება ვიღაცებისთვის წითელ ყელსაბამთან ერთად ყელზე ან ხელზე დასახვევი თემა. ჩემს თვალსაწიერში ფაქტი ნიუ-იორკის პოლიტიკური ყოჩის, ბერნი სანდერსის ფეისბუქიდან მოხვდა. ჰოდა მოდი, მეც დავიხვევ, ოღონდ სხვა მიმართულებით და გეტყვით იმას, რასაც არცერთი მემარცხენე პოლიტიკოსი არასოდეს არ გეტყვით.
არსებობენ ჭკუის კოლოფები, რომლებსაც გულწრფელად ჰგონიათ, რომ თუკი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ნაკლები ფული ექნება, ღარიბები უკეთესად იცხოვრებენ. ეს საკმაოდ გავრცელებული, პოპულისტური და არითმეტიკასთან საკმაოდ შორს მყოფი წარმოდგენაა.
აი, მაგალითად, 2015 წლის მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის 71% გამოიმუშავებს დღეში $10 დოლარს ან ნაკლებს, რაც თვეში მაქსიმუმ 720 ლარის ექვივალენტი გამოდის. საშუალო დასაქმებული ქართველის ანაზღაურება არის დაახლოებით ცხრაასი ლარი. ანუ ერთი საშუალო ქართველი დასაქმებული გაცილებით მდიდარია, ვიდრე 5.2 მილიარდი ადამიანი ამ სამყაროში. აი, რა რკინის ლოგიკით უნდა იყო აღჭურვილი, რომ გეგონოს, რომ მაგ. 500,000 უმდიდრესი ქართველის ქონების ექსპროპრიაციით, ცენტრალური აფრიკის რომელიმე ქვეყნის თუნდაც ამდენივე წარმომადგენელი უკეთ იცხოვრებს?
ეკონომიკა ასე არ მუშაობს.
მეტსაც გეტყვით: მიუხედავად იმისა, რომ იზრდება ნაპრალი უმდიდრესებსა და უღარიბესებს შორის, განუხრელად მცირდება სიღარიბე მსოფლიოში. მაგ. 200 წლის წინ ერთი მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა ექსტრემალურ სიღარიბეში (2005 წლის დოლარის საშუალო საერთაშორისო მსყიდველუნარიანობით).
დღესაც ამდენივე.
განსხვავება ისაა, რომ 200 წლის წინ მილიარდი ადამიანი ნიშნავდა 5 ადამიანიდან ოთხს. დღეს კი ნიშნავს 5 ადამიანიდან ერთს. სულ უახლოეს წარსულში, 1981 წელს ექსტრემალურ სიღარიბეში მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი იყო, დღეს ამის ნახევარზე, მილიარდზე ნაკლებია. ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით რომ მსოფლიო მოსახლეობა 1981ში დაახლოებით 4.5 მილიარდი ადამიანი იყო, დღეს კი დაახლოებით 7,5 მილიარდი. და სიღარიბის ამ მასშტაბის მოსპობა სულ რაღაც ნახევარ საუკუნეში მოხდა, რომლის განმავლობაშიც, სხვათა შორის, მდიდრები სულ კიდევ და კიდევ უფრო მდიდრდებოდნენ.
ექსტრემალურ სიღარიბეში მცხოვრებთა პროცენტი 1981 დონეზე რომ შენარჩუნებულიყო, დღეს არა ერთი მილიარდზე ნაკლები, არამედ 3.3 მილიარდზე მეტი ექსტრემალურად ღარიბი იქნებოდა მსოფლიოში.
ვის ექნებოდა მთელი ეს ფული ეს 5 უმდიდრესი ადამიანი საერთოდ რომ არ არსებობდეს? სწორი პასუხია – არავის.:) გულწრფელად კი, შეიძლება მისი უმცირესი წილი ჰქონოდა ვიღაცებს, მაგრამ ეს ვიღაცები ნამდვილად არ იქნებოდნენ ყველაზე დაბალშემოსავლიანი 3.7 მილიარდიდან. მდიდრები რომ უფრო მდიდრდებიან არ ნიშნავს, რომ ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან. ღარიბებიც მდიდრდებიან, თუმცა უფრო ნელა, ვიდრე მდიდრები.
ესაა რიცხვების სიმართლე, პოპულისტი პოლიტიკოსებისა და იდეოლოგების სიმართლე კი სხვაა.

#დღისრიცხვი
შოთა დიღმელაშვილი
საქმიანი დილა
15/06/2017

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან