„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება


დილიდან „ნაციონალურ მოძრაობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელეს.

„რამდენიმე კვირის წინ პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიამ საზოგადოებას წარუდგინა ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხების კონკრეტული გეგმა და სტრატეგია. ამ მიზნით, პარტიამ გაააქტიურა ორგანიზაციული რეფორმები და გადადგა კონკრეტული პოლიტიკური ნაბიჯები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთიანობა, კონსოლიდაცია და აღნიშნულ გეგმაზე სრული კონცენტრირება. ამ ფონზე, გარკვეული ადამიანების მცირე ჯგუფის მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციისა და დესტრუქციული ნაბიჯების გამო გვიხდება ამ განცხადების გაკეთება, რაც სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის არ იქნებოდა პრიორიტეტული.

„ტვ პირველის“ „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემის ანონსში, რომელიც ეხებოდა ოპოზიციურ პარტიებში ჩანერგილ სუს-ის ჯაშუშებს, ერთ-ერთი პირის ხმა მიმსგავსებულ იქნა საპროტესტო აქტივობებში ჩართულ აქტიურ ადამიანის ხმასთან. საკითხის გარკვევის მიზნით, მასთან და მისი გუნდის წევრებთან მოხდა კომუნიკაცია. ერთი კვირის წინ ეს ადამიანები მოვიდნენ პარტიის ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალურ მდივანთან შესახვედრად. მათგან რამდენიმე პირი იყო უკიდურესად აგრესიულად განწყობილი, რაც ასევე გამოიხატებოდა მათ მიერ სოციალურ ქსელებში მანამდე გავრცელებულ პოსტებში.

შედგა საუბარი პარტიის გენერალურ მდივანსა და იმ ადამიანს შორის, ვისთან მიმართებაშიც კითხვები არსებობდა. საუბრის შემდეგ საკითხი ამოიწურა და კითხვის ნიშნები მოიხსნა. მოგვიანებით ამ პირების ნაწილის სურვილით, პარტიის თავმჯდომარე საკუთარ სამუშაო ოთახში მშვიდ ვითარებაში ხვდებოდა ჯგუფის რამდენიმე წარმომადგენელს, რა დროსაც იქ შეიჭრა გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად. მან შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა. ბუნებრივია, პარტიაში მყოფმა პარტიის წევრებმა აღკვეთეს მათი მცდელობა და ეს ადამიანები ოფისიდან გაყვანილ იქნენ. უფრო მეტიც, რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ნიკა მელია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკურ გადაცემაში პირდაპირ ეთერში პასუხობდა, ჟურნალისტის კითხვებს, გიორგი მუმლაძე ჯგუფთან ერთად, პროვოკაციის მოწყობის მიზნით განზრახ მივიდა ტელევიზიასთან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ნიკა მელიას მძღოლს, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცენტრალურ შესასვლელში მყოფი მაუწყებლის და დაცვის პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით.

რუსული ოცნების სტრატეგიაა, საზოგადოებაში გააჩინოს უიმედობა და ნიჰილიზმი. ამ მიზნით მათ არაერთხელ უცდიათ პროვოკაციების მოწყობა და ოპოზიციურ პარტიებში დაპირისპირების სურათის შექმნა. სამწუხაროა, რომ ამ ადამიანების მიერ განხორციელებული ნაბიჯები და განცხადებები, ნებსით თუ უნებლიეთ, ოცნების წისქვილზე ასხამს წყალს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან