დმანისის მუნიციპალიტეტში ნამოსახლარები და სამაროვნები აღმოაჩინეს

07/19/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

18 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან ერთად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადისა და სოფელ ბოსლების მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნამოსახლარები და სამაროვნები დაათვალიერა.
სამაროვნებს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის დროს წარმოებული სამუშაოებისას მიაკვლიეს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ობიექტის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ ნამოსახლარები და სამაროვნები გვიან ანტიკური პერიოდის და ადრე შუა საუკუნეებისაა. მათგან აღსანიშნავია მდინარე მაშავერას მარცხენა ნაპირზე, ადგილ ყანჩაანთ სოფელში აღმოჩენილი ორი სამაროვანი, სადაც იმ დროისათვის შეძლებული ადამიანები იყვნენ დაკრძალულნი. ორმოსამარხებში ჩატანებული აღმოჩნდა: სხვადასხვა ფერისა და ფორმის მინის სანელსაცხებლები, ბრინჯაოს ზარაკები, ირმის ქანდაკებები, საკიდები, ბეჭდები, ოქროს საკიდი და საყურეები, ვერცხლის რომაული მონეტები, რკინის საბრძოლო იარაღები და თიხის ჭურჭელი.
მოპოვებული მასალის მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ დმანისის რეგიონში, იმ დროისათვის საკმაოდ განვითარებული და სოციალურად დაწინაურებული საზოგადოება ცხოვრობდა, რომელსაც მჭიდრო კულტურულ-ეკონომიკური კავშირები ჰქონდა, როგორც საქართველოს რეგიონებთან, ასევე რომთან და სირიასთან. აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები, სავარაუდოდ, ახალი წელთაღრიცხვის I-IV საუკუნეებით თარიღდება.





http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან