ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება


გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს. „შევეხებით ბოლო დღეებში გავრცელებულ აბსურდულ ბრალდებას, რომ თითქოს, აღნიშნული ბრალდება უკავშირდება ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს. უტყუარი ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, ჩემს მარწმუნებელს ბატონ ბაჩიაშვილთან ჰქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები. ამავდროულად, დაზარალებული მხარისთვის გასაკვირი არ არის ბრალდებული პირის ამგვარი ტაქტიკა. იმ პირობებში, როდესაც ბატონ ივანიშვილთან, თავის დროზე, ძალიან დაახლოებული პირის მხრიდან ადგილი აქვს წინამდებარე განცხადებაში აღწერილ ქმედებებს, ცხადია, მისგან მოსალოდნელია ყველაფერი. ვინაიდან, კონკრეტული პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვფიქრობთ, არ არის მიზანშეწონილი, რეგულარულ რეჟიმში, ჩვენი მხრიდან განცხადებებისა თუ კომენტარების კეთება, მათ შორის იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ვინმეს მიერ არ იქნეს აღქმული გარკვეულ წნეხად მართლმსაჯულების პროცესზე.

მართლმსაჯულების ორგანოებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საქმეზე დაადგინონ ობიექტური ჭეშმარიტება. ამავდროულად, ვიტოვებთ უფლებას, რომ მომავალშიც დავაკმაყოფილოთ საზოგადოებრივი ინტერესი წინამდებარე განცხადებაში განხილულ საკითხთან დაკავშირებით. მათ შორის, ვუპასუხოთ მავანთა მიერ გამოთქმულ უსაფუძვლო მოსაზრებებსა და ბრალდებებს, რაც მოსალოდნელია“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმეზე პროცესი 6 ივლისს გაიმართა, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. როგორც ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან