ლიტერატურული კონკურსი პატიმრებისთვის "კალამი"

11/16/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

15 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსში (საპრეზენტაციო დარბაზი) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი სოციალურ-შემეცნებითი პროექტის, ლიტერატურული კონკურსის „კალამი\" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. გამარჯვებულებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსგან ფულადი საჩუქრები მიიღეს. ღონისძიებაზე შედგა კრებულის პრეზენტაცია, სადაც მსჯავრდებულთა მიერ კონკურსისთვის წარმოდგენილი საუკეთესო ლიტერატურული ნიმუშებია შესული.

ლიტერატურული კონკურსი საქართველოს 16 საპატიმრო დაწესებულებაში ჩატარდა; კონკურსის შედეგად გამოვლინდა ექვსი გამარჯვებული ორ ნომინაციაში (პროზაული, პოეტური).

ლიტერატურული კონკურსი „კალამი\" პატიმრებისთვის მიმდინარე წლის 25 ივლისს დაიწყო და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში განთავსებულმა მსჯავრდებულებმა მიიღო. პირველ ადგილზე გასული ავტორები ჯილდოს სახით კულტურის სამინისტროსგან 500 ლარს, მეორე ადგილზე გასულები 400 ლარს, მესამე ადგილზე გასული ავტორები კი 300 ლარს მიიღებენ.

კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ- მწერლები დავით ტურაშვილი, თეონა დოლენჯაშვილი და პოეტი რატი ამაღლობელი. მსჯავრდებულთა მიერ კონკურსისთვის წარმოდგენილი საუკეთესო ლიტერატურული ნიმუშები კრებულის სახით გამომცემლობა „საუნჯის\" მიერ გამოიცა. წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დასკვნით ღონისძიებაზე შედგება. პროექტს ორგანიზებას უწევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივი\". კონკურსის მხარდამჭერია საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან