საჯარო სკოლების 80% სამედიცინო კაბინეტის გარეშეა

06/02/2017
Business Media Georgia-ის მიერ

გუშინ ბავშვთა საერთაშორისო დღე იყო და დღევანდელი დღის რიცხვიც ამ თემას დავუკავშირე, მაგრამ სამწუხაროდ ეს რიცხვი ისეთივე პოზიტიური არ არის, როგორც ეს დღე.
ჩვენ ვბჭობთ, ვბჭობთ სკოლის როლზე ბავშვის გონებრივ და სულიერ აღზრდაში, ვუყურებთ განათლების სამინისტროს პრეზენტაციების სლაიდებს, ზედ მიტყეპებული ლეპტოპის სურათებით რომელიმე უფასო ფოტობაზიდან და თურმე სად ვბანაობთ. რა სულიერი და გონებრივი სიჯანსაღე, როცა საქართველოს სკოლებში ბავშვების ფიზიკურ სიჯანსაღესაც საფრთხე ემუქრება.
დღის რიცხვი არის 443. საქართველოს 2083 საჯარო სკოლიდან მხოლოდ 443-ში ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი, ანუ საჯარო სკოლების დაახლოებით 80% საფრთხის შემცველია თქვენი ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ეს შედეგი დადო სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაკვეთილი კვლევის შედეგებმა. ეს ბუნებრივია, ცუდია, მაგრამ უარესი ამის უკანაა. „მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, სკოლებში ჯანდაცვისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კუთხით, გარკვეულ ღონისძიებებს ახორციელებს, იკვეთება მნიშვნელოვანი პრობლემები წყლის, კვების ორგანიზაციული წესების, სანიტარიისა და ჰიგიენის დაცვის მიმართულებით“, - ნათქვამია ანგარიშში.
შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის, სანიტარული და ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა არ შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის ძირითად პრინციპებს. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით იჩენს თავს მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში.
მეტიც, ომბუცმენმა როცა ამაზე პასუხი მოითხოვა, თურმე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ უპასუხა, რომ თანახმად, აღნიშნული ორგანო არ არის ვალდებული აკონტროლოს საჯარო სკოლებში სასმელი წყლის ხარისხი და სანიტარიის დაცვა. ამავე დროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის უვნებლობის სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით, საჯარო სკოლებიდან აღებული სასმელი წყლის 45 სინჯი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის ტექნიკურ რეგლამენტს, რაც სასმელი წყლის ეპიდემიოლოგიურ არაკეთილსაიმედოობაზე მიუთითებს. მშობლებო, ამას თქვენ თუ არ მოითხოვთ, თავისით საშველი არ დაადგება. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი შვილი საჯარო სკოლაშია, მიბრძანდით, აიღეთ სინჯი და პირდაპირ უჩივლეთ განათლების სამინისტროს. იქნებ ამან მაინც აიძულოს ვინმეს დაავალოს ამ საკითხის გაკონტროლება, ფარატინა პრეზენტაციების კეთების შუალედში.

#დღისრიცხვი
შოთა დიღმელაშვილი
საქმიანი დილა
02/06/2017

ვიდეოები „Business Media Georgia"-ისგან