ბაჩალიაშვილების ოჯახის განცხადება


თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ხვალ პროკურატურაში ახალ ვიდეომასალას წარადგენენ, რომელიც მათი მტკიცებით, გოგონას თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. ამასთან ერთად, ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს და საქმის გამოძიებას პროკურატურისგან ითხოვს. რაც შეეხება ვიდეომასალას, რომელიც დღეს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატმა პრესკონფერენციაზე მედიას გააცნო, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, 12, 13 და 14 აგვისტოს, ვიდეომასალა თეთრიწყაროში მცხოვრებმა პირმა იმ ადგილზე გადაიღო, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ადვოკატის თქმით, კადრებში ჩანს, რომ ადგილზე მწყემსები საქონელთან ერთად არაერთხელ გადაადგილდებიან და ამიტომ უნდა გამოირიცხოს გამოძიების ის ვერსია, რომ ავტომობილი იმ ადგილზე ხუთი დღის განმავლობაში იყო და მწყემსმა მხოლოდ ბოლო დღეს დაინახა. ასევე,  ადვოკატის თქმით, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მცხოვრებლებს, ვინმე ძმები ბეჟუაშვილები ემუქრებიან და ადგილზე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. ტერიტორიას კი ამ დრომდე პოლიცია იცავს. გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გარკვეულ პროექტზე მუშაობისას წააწყდა ფაილს, რომელშიც მოქმედი თანამდებობის პირების მაკომპრომატირებელი მასალები აღმოაჩინა და სწორედ ამის გამო გათამაშდა მისი შვილის თვითმკვლელობის ინსცენირება. გარდაცვლილის ოჯახი და ადვოკატი ხვალ გენერალურ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას გეგმავენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან