თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 104 წლის გახდა


თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი დღეს 104 წლის გახდა. 1900 წელს აგებული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში, 18 წლის შემდეგ, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, კავკასიაში პირველი ეროვნული უმაღლესი სასწავლებელი - ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა. იდეის მხარდასაჭერად 1918 წელს სახალხო მოძრაობა დაიწყო, შეიქმნა უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოება. უნივერსიტეტის პირველ რექტორად პეტრე მელიქიშვილი აირჩიეს. თბილისის უნივერსიტეტის ისტორიაზე მე-20 საუკუნის საქართველოში განვითარებული პროცესები აისახებოდა. მისი დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი რექტორობიდანაც კი გადააყენეს. 1989 წელს, უნივერსიტეტს, მისი დამაარსებლის, ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა. დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.

უნივერსიტეტს იუბილეს ულოცავს პრემიერ-მინისტრი. „საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. იგი ათასწლოვანი საგანმანათლებლო ტრადიციების გაგრძელებაა, რომელიც დაარსების დღიდან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და განათლების განვითარებას, არამედ მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ ცხოვრებას. დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა - ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი უზნაძისა და სხვა დიდ მამულიშვილთა ღვაწლს. პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საკუთარი ცხოვრება დედა-უნივერსიტეტს მიუძღვნა.
პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას ვპირდები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროფესორს, სტუდენტსა და თანამშრომელს. მათთან ერთად ყველა კურსდამთავრებულს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ დღევანდელ დღეს“- ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან