აშშ-ის 2021 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი


აშშ-ის კონგრესის ვებგვერდზე განთავსებულ კანონპროექტ H.R. 6395 „უილიამ თორნბერის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი 2021 წლის ფისკალური წლისთვის“ შესულია რამდენიმე პუნქტი, რომელიც საქართველოს ეხება. მათ შორის არის პუნქტი ნომრით 1299С, სახელწოდებით „ანგარიში საქართველოს მთავრობის დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერაზე“.

ამ პუნქტში ნათქვამია, რომ:

1. „კონგრესმა უნდა დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების, საარჩევნო რეფორმისკენ გზას, კორუფციასთან ბრძოლისადმი ერთგულებას და ძალისხმევას, რათა საქართველოს კერძო სექტორმა კვლავაც დაიცვას საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის მიესალმოს და დაიცვას პირდაპირი უცხოური ინვესტიციები“.

2. „კონგრესმა უნდა განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, რაც მოიცავს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, პარტნიორ სახელმწიფოებთან თავსებადობის გაზრდას, ომის კანონების დაცვის უზრუნველყოფას და თავდაცვითი ინსტიტუტების განმტკიცებას“.

მეორე პუნქტს ახლავს დამატებები, სადაც ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღებიდან არაუგვიანეს 180 დღისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უნდა წარუდგინოს კონგრესის შესაბამის კომიტეტებს ანგარში, რომელიც უნდა მოიცავდეს ანალიზს შემდეგ საკითხებზე:

დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასამტკიცებლად; ახორციელებს თუ არა საქართველოს მთავრობა: ეფექტურ საარჩევნო რეფორმას; პატივს სცემს თუ არა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევისგან; ეფექტურად ახორციელებს თუ არა საჭირო პოლიტიკას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, მათ შორის დაუბრკოლებელი წვდომა საჯარო ინფორმაციასთან; იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკურ პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას და ყველა სხვა საკითხებზე, რომელთაც სახელმწიფო მდივანი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამავე კანონპროექტში საქართველოს კიდევ რამდენიმე პუნქტი ეხება. მათ შორის პუნქტი 1245С სახელწოდებით „კონგრესის საქართველოსადმი მხარდაჭერა“, რომელშიც ვკითხულობთ:

1. საქართველო არის აშშ-ის ღირებული მეგობარი და არაერთხელ აჩვენა ერთგულება ორი ქვეყნის საერთო ინტერესების წინ წაწევისადმი, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაგზავნა ავღანეთში ნატო-ს მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილეობისთვის და მრავალეროვნულ მისიაში ერაყში.

2. შეკავების ევროპული ინიციატივა განამტკიცებს საქართველოს პარტნიორულ პოტენციალს, რათა მან შეძლოს კიდევ უფრო მჭიდროდ იმუშაოს აშშ-თან და ნატო-სთან, და ამასთან ერთად უზრუნველყოს საკუთარი თავდაცვა.

3. შეკავების ევროპულ ინიციატივასთან ერთად, საქართველოს მონაწილეობა ინიციატივაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მნიშვნელოვანია აშშ-თან და ნატოს-თან ოპერატიული ურთიერთქმედებისთვის და რეგიონში უფრო მშვიდობიანი გარემოს უზრუნველსაყოფად.

4. მიუხედავად საქართველოს დანაკარგისა, საქართველო ერთგულია ავღანეთში ნატო-ს მისიაში მონაწილეობისადმი და სამხედროების რაოდენობით მეხუთე ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, კონგრესმა უნდა გააკეთოს შემდეგი:

1. კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ისა და საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა.

2. დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობა, რომლებიც ამჟამად რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან