პროექტ „მწერლები მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია


პროექტ „მწერლები მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია

#ერთადუსაფრთხომომავლისთვის #მწერლებიმშვიდობისათვის

„ყოველდღიური მაგალითებით ჩვენი ჯარისკაცები ღირებულებებს ამყარებენ და ამით საზოგადოებასაც აძლიერებენ“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში, სადაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტის - „მწერლები მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, პროექტი \"მწერლები მშვიდობისთვის\" ჯარისკაცების მიმართ მადლიერების გამოხატვის, ასევე მათი საქმიანობის აღიარებსა და დაფასების კარგი შესაძლებლობაა.

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპატამენტის უფროსმა ნინო თოლორდავამ სტუმრებს შეიარაღებული ძალების ღირებულებების შესახებ თავდაცვის უწყების მიერ მომზადებული კონცეფცია გააცნო.
მოგვიანებით, ღონისძიებას მწერალი გიორგი კეკელიძე წარუძღვა. მან პროექტის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და სიტყვა ქართველ მწერლებს - ბესიკ ხარანაულს, ლია სტურუასა და რეზო თაბუკაშვილს გადასცა.

„მწერლები მშვიდობისათვის“ შეიარაღებული ძალების ღირებულებების შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული კონცეფციის ნაწილია. პროექტი თორმეტ ქართველ მწერალს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში, რატი ამაღლობელი, ბესიკ ხარანაული, ბასა ჯანიკაშვილი, ალეკო შუღლაძე, ზვიად კვარაცხელია, თეონა დოლენჯაშვილი, რეზო თაბუკაშვილი, სალომე ბენიძე, ნინო სადღობელაშვილი, გიორგი კეკელიძე, გაგა ნახუცრიშვილი და ლია სტურუა ექსკლუზიურად შეიარაღებული ძალებისთვის ნაწარმოებებს შექმნიან, რომელთა საფუძველზეც, თავდაცვის სამინისტრო კრებულს გამოსცემს.

ამავე კონცეფციის მიხედვით უკვე განხორციელდა პროექტი - „მხატვრები მშვიდობისათვის“, რომლის ფარგლებშიც, პროექტში ჩართულმა მხატვრებმა სპეციალურად ჯარისთვის ფერწერული ტილოები შექმნეს. შეიარაღებული ძალების ღირებულებებზე - მშვიდობა, თავისუფლება, გამარჯვებაზე, ერთობა, მეგობრობა, ერთგულება, სიმტკიცე, თავდადება, თავგანწირვა, სიმამაცე, სიცოცხლე, სიყვარული - მომზადდა ვიდეორგოლებიც, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საუბრობენ.

აღნიშნულ პროექტში ჩართული მხატვრები და სამხედრო მოსამსახურეები ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ. მხატვარმა ანტონ ბალანჩივაძემ და 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ მწერლებს პროექტში მონაწილეობის შესახებ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

საგურამოში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ასევე თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პრეზენტაცია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

ვიდეოები „თავდაცვის სამინისტრო"-ისგან