იუნესკოსადმი მიძღვნილი სემინარი

09/21/2016
culturegovge culturegovge-ის მიერ

21 სექტემბერს, სასტუმრო \"ლეოგრანდის\" საკონფერენციო დარბაზში, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა, ელისო ბოლქვაძემ, ბათუმის ფესტივალის ფარგლებში, იუნესკოსადმი მიძღვნილი სემინარი გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი. სემინარს უძღვებოდნენ იუნესკოს მშვიდობის ელჩები - ელისო ბოლქვაძე და ფრანგი პიანისტი სიპრიან კაცარისი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე.
სემინარის თემა იყო მუსიკის ენით მშვიდობის დამყარება კონფლიქტურ რეგიონებში. ღონისძიებაზე იმსჯელეს ასევე საქართველოში იუნესკოს კულტურულ მემკვიდრეობაში არსებულ ძეგლებზე და მომავალი თაობისთვის მუსიკალური განათლებისა და შემეცნების ამაღლების საშუალებებზე.
ღონისძიებაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ახალგაზრდა მუსიკოსებს, მასტერკლასებში მონაწილეობისთვის, სპეციალური დიპლომები გადასცა.
ცნობილ ქართველ პიანისტს, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ბათუმის მუსიკალური ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელს, ელისო ბოლქვაძეს, პირველად საქართველოს ისტორიაში, 2015 წლის 22 იანვარს \"იუნესკოს მშვიდობის არტისტის\" წოდება მიენიჭა. ეს პრესტიჟული წოდება პიანისტს პარიზში პირადად იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ირინა ბოკოვამ გადასცა.
ამავე ტიტულს ფლობენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორებიც არიან: სელინ დიონი, ჰერბი ჰენკოკი, პლასიდო დომიგო, სარა ბრაიტმანი, ვლადიმერ სპივაკოვი, ჯორდი სავალი და სხვები.
\"იუნესკოს მშვიდობის არტისტის\" წოდების მფლობელ ყველა არტისტს მინიჭებული აქვს სპეციალური ფუნქცია იუნესკოს მიერ განათლების და კულტურული შემეცნების სხვადასხვა მიმართულებით.




http://culture.gov.ge/

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან