გელათი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძირითად ნუსხას დაუბრუნდა

07/10/2017
culturegovge culturegovge-ის მიერ

2017 წლის 10 ივლისს, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა გამოიტანა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და გელათის მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დამოუკიდებელი სტატუსით დააბრუნა.
კომიტეტმა, მხედველობაში მიიღო სახელმწიფო მხარის მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა და ყველა რეკომენდაციის ზედმიწევნით შესრულება. საქართველომ მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და ICOMOS-თან აქტიური თანამშრომლობით, წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მოამზადა მოთხოვნილი დოკუმენტაცია. აღსანიშნავია, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსზე მიმდინარე საკონსერვაციო და სარეაბილიტაციო პროცესები სრულ თანხვედრაშია მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის სახელმძღვანელო პრინციპებთან.
გელათის სამონასტრო კომპლექსის იუნესკოს ძირითად ნუსხაში დაბრუნების გადაწყვეტილება კომიტეტის 41-ე სესიაზე, კრაკოვში (პოლონეთი) მიიღეს.
გელათის მონასტერი, ბაგრატის საკათედრო ტაძართან ერთად მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჯერ კიდევ 1994 წელს შევიდა. 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მითითებების უგულებელყოფით ბაგრატის სარეკონსტრუქციო პროცესის დაწყების შედეგად, 2010 წელს ბაგრატის საკათედრო ტაძარი და გელათის მონასტერი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში იქნა გადატანილი.
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 41-ე კომიტეტის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დასრულდა საქართველოში მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების (მცხეთის ისტორიული ძეგლების და ბაგრატი/გელათის) ძირითად ნუსხაში დაბრუნების გრძელი და რთული გზა.
სახელმწიფო, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნული წინასწარი ნუსხის განახლებაზე, რაც მყარ საფუძველს ქმნის მომავალ წლებში მსოფლიო ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის კონვენციის ფარგლებში ახალი წარმატებული ნომინაციებისათვის, რათა საქართველოს უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მრავალფეროვნება ღირსეულად წარმოჩინდეს მსოფლიო მემკვიდრეობის რუკაზე.




http://culture.gov.ge

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან