"ხმა ქართველი ქალისა"

12/12/2017
Giorgi Margvelashvili-ის მიერ

\"ჩვენ უნდა თვალი გავუსწოროთ იმ მოვლენას, რომ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება.
საზოგადოება, რომლისთვისაც ერთმანეთთან ძალადობის ენით საუბარი მისაღები, გასაგები და ხშირ შემთხვევაში მოსაწონია.
შევხედოთ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ამ ყველაფრით, შევხედოთ რანაირად ვეურთიერთობებით ერთმანეთს. აგრესიული ადამიანი, ადამიანი, რომელიც აგრესიის ფორმით გამოხატავს თავის პოზიციას აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. ამას ვახორციელებთ ჩვენ მასკულტურაში, ამას ვახორციელებთ ჩვენ მასკომუნიკაციაში.
რელიგია, რომლის ორი ამოსავალი ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებაა გიყვარდეს მტერი შენი და ნუ განიკითხავ სხვა ადამიანს, ჩვენ მოვახერხეთ და ვაქციეთ ერთმანეთისთვის თავში \"ტაბურეტის\" ჩარტყმის საშუალებად. ის ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ხშირად, მათი რიტორიკაც სავსეა აგრესიით.
პოლიტიკაზე თუ მკითხავთ მე თქვენ გეტყვით, რომ ყველაზე მეტად დაფასებულია ის პოლიტიკოსი, რომელიც თავის პოზიციას აგრესიულად გამოხატავს.
როგორც ადამიანი, რომელიც დიდი ხანია საზოგადოებრივ სივრცეში ვტრიალებ და როგორც პოლიტიკოსი, გეტყვით სამწუხარო რეალობას, რომ რაც უფრო აგრესიულად გამოვდიოდი, ან გამოვდივარ, მით უფრო მოსაწონი ვარ ხოლმე საზოგადოებისთვის.
მით უფრო მეტად მოსწონთ, რომ კი უფრო, უფრო აგრესიული იყავი, უფრო შემტევი იყავი. ეს არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ ვტრიალებთ. ამ სივრცის ფარგლებში მერე, ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი შვილი აგრესიის მსხვერპლი იქნება...
დღეს მე მინდა განსაკუთრებით გამოვყო და მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც თავისი სიძლიერე, სახელმწიფოსგან მინიჭებული უფლებები, თავისი პროფესიონალიზმი, სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მიმართა.
დღეს აქ შეკრებილები ვართ სახელმწიფოს სამივე შტოს წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსი, რომელიც დიდი ძალაა, მაგრამ ძალადობის გარდამტეხი ის ხალხია, ვინც ახლა ტელევიზორთან ზის და ვინც უნდა თავისი ყოველდღიური აგრესია შეცვალოს მეორე ადამიანზე ზრუნვით, ასე დგება საზოგადოებები.
საზოგადოება, სადაც ძლიერი მჩაგვრელია, არ არის საზოგადოება. საზოგადოება არის იქ, სადაც ძლიერი არის დამცველი. აქედან გამომდინარე, მინდა, განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს 112 სამსახურიდან, რომლებიც განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებით პასუხობენ საზოგადოების ზარებს და მიმართვებს. ისინი არიან პირველი ხმა, რომელსაც მიმართავს ხოლმე დაჩაგრული ადამიანი და სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ქალბატონები.

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა პატრულს, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით ეპყრობა ადამიანებს ასეთი პრობლემების დროს. ის ადამიანები, ვისაც ჩვენ მივეცით იარაღი, ვისაც მივეცით ძალაუფლება, ვისაც მივეცით ხელში ძალა, ეს ადამიანები ამ ძალას სწორედ ჩაგრულთა დასაცავად იყენებენ, მათი პრობლემების შესამსუბუქებლად.
მადლობა ყველას და იმედი მაქვს, რომ ამ ბევრი, ტრაგიკული შემთხვევის გააზრებით, რომელიც მოხდა ქალებთან და ბავშვებთან მიმართებაში, ჩვენ ჩვენს ძალას, როგორც ძლიერი ადამიანები, გამოვიყენებთ საზოგადოების აღსაზრდელად და მაგალითის საჩვენებლად - რას ნიშნავს ძლიერი ადამიანი.
დღეს ჩვენ სახელმწიფო ჯილდოებს გადავცემთ იმ გამორჩეულ ადამიანებს, რომელთა მუშაობაც ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულია\"-, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ხუთი პოლიციელი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. - https://goo.gl/BUHM7Y

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური არხი
Official Channel of The President of Georgia

ვიდეოები „Giorgi Margvelashvili"-ისგან