გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმე


საგამოძიებო უწყებას აქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების ეპიზოდი ჩანს. ეს ჩანაწერი პროკურატურამ გუშინ გაასაჯაროვა.  მასალაში თავდაპირველად ჩანს ნაქირავები აგარაკი, სადაც გიორგი შაქარაშვილი იმყოფებოდა. სწორედ აქ იწყება ფიზიკური დაპირისპირება და შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად ტოვებს აგარაკს და გადაადგილდება ცენტრალურ მაგისტრალზე. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე პირმა მეგობრების ცემის გამო, შურისძიების მოტივით დამატებით სხვა პირების მობილიზება გადაწყვიტა. ამისთვის ნაწილი თბილისში წავიდა, ორი კი ადგილზე დარჩა, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ. გამოძიების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის სიახლოვეს ჩერდება „მერსედესის“ მარკის ავტომობილი, საიდანაც სამი პირის გადმოდის, ისინი ლითონის ხელკეტებით უსწორდებიან გიორგი შაქარაშვილს და მის მეგობრებს, რომლებიც ტერიტორიიდან გარბიან. თავდამსხმელების წასვლის შემდეგ, გიორგი შაქარაშვილი მეგობრებთან ერთად ნაცემი პირების დასახმარებლად შემთხვევის ადგილზე ბრუნდება, ამის შემდეგ იწყება დაპირისპირების მეორე ეპიზოდიც და გიორგი შაქარაშვილი ისევ ტოვებს ტერიტორიას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, ის მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცა. გიორგი შაქარაშვილის უახლოესი მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი კი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში ჩასვეს და თბილისში ჩამოიყვანეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის გზით.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში, მოგვიანებით, 22 ივნისს იპოვეს. გამოძიების ინფორმაციით, ცემისა და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება. ამოღებულია მომხდარი ფაქტების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის მობილური ტელეფონი და მათი ტანსაცმელი. ჩატარდა 40-მდე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც რამდენიმე ათეული, სხვადასხვა სახეობის კომპიუტერული ტექნიკა ამოიღეს. აღნიშნული ტექნიკიდან ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან