ომი უკრაინაში - 58 დღე


ათი მოგერიებული შეტევა და 15 განადგურებული რუსული თვითმფრინავი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, ასეთია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის 57-ე დღის შედეგები. ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ქვეყნის აღმოსავლეთით, - ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიაზე მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა ერთ დღეში 42 დასახლებული პუნქტის დაკავება შეძლეს, თუმცა უკრაინელები საპასუხო შეტევებს განაგრძობენ და ეს ტერიტორიები ხელიდან ხელში გადადის. რთული სიტუაციაა ხარკოვსა და ზაპოროჟიეშიც. ხარკოვის ოლქში ოკუპანტებმა ცეცხლი 50-ჯერ გახსნეს, რის გამოც, ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს სოფლების ნაწილი დატოვონ. ბრძოლა გრძელდება მარიუპოლში, კერძოდ, „აზოვსტალის“ ქარხანასთან, სადაც აზოვის მებრძოლები და საზღვაო ქვეითები რჩებიან. ისინი ამბობენ, რომ იარაღს არ დაყრიან. რუსეთი ქარხნის ბლოკირებას განაგრძობს. მოსახლეობის ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. გუშინ ქალაქი მხოლოდ 80-მა ადამიანმა დატოვა. როგორც ცოტა ხნის წინ უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, დღეს უკრაინაში უსაფრთხო საევაკუაციო დერეფნები ვერ გაიხსნება, რადგან სიტუაცია საბრძოლო მოქმედებების ზონაში ამის საშუალებას არ იძლევა. ვრცელდება ცნობა, რომ დროებით ოკუპირებულ ხერსონში, რუსი სამხედროები ყალბი რეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადებიან. პრეზიდენტი ზელენსკი აფრთხილებს მოქალაქეებს, რუს სამხედროებს პასპორტები და სხვა პირადი მონაცემები არ გადასცენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან