ახალი წლის დღეები რეგიონებში


დღეს მცხეთაში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისულ სტუმრებს ყველა ასაკზე გათვლილი მრავალფეროვანი აქტივობები დახვდება. მათ შორის, ღონისძიების ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა: საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები; გაიმართება კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირთა მსვლელობა; ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. პატარებს თოვლის პაპა ტკბილეულსა და საჩუქრებს გადასცემს. 18 საათიდან საზოგადოების განწყობაზე ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები იზრუნებენ. საღამო ჯგუფი „მგზავრების“ კონცერტით დასრულდება.


დილიდან საზეიმო განწყობაა დაბა ბაკურიანშიც. 25-იანების სასრიალო ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. მონტაჟდება სცენა, ეწყობა დეკორაციები და პავილიონები. სანტას სახელოსნოში პატარებს საახალწლო სათამაშოების გაკეთება შეეძლებათ, შეხვდებიან თოვლის ბაბუას და მისგან საჩუქრებსაც მიიღებენ. ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირებსა და ელფებთან ერთად, ანიმატორები და ილუზიონისტები იზრუნებენ. საახალწლო ღონისძიება 14 საათზე დაიწყება. საღამო ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალა კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.

დღეს საახალწლო ღონისძიების მასპინძელია ცაგერიც. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში დატვირთული პროგრამა ელოდებათ. მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საღამო გალა კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან