https://mtisambebi.ge/ - ხახაბოდან დუშეთამდე ციცაბო აღმართ-დაღმართებზე 3 საათი ცხენით, სულ მცირე 2 საათი კი მანქანით არის სავალი. საზღვრისპირა ხევსურეთიდან დუშეთის მერიამდე რომ მიაღწიო, ჭანჭახისა და დათვიჯვრის უღელტეხილები უნდა გადალახო. ეს სოფელი წლის განმავლობაში 7 თვე გარესამყაროს მოწყვეტილია, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, საფეხმავლო ბილიკებიც იკეტება. პაატამ და ნინომ კი ჯიუტად გადაწყვიტეს, რომ მუდმივად ხახაბოში იცხოვრონ. ერთადერთი, რასაც ხელისუფლებისგან ითხოვენ, ტრაქტორის გაგზავნა და 2 წლის წინ, უპროექტოდ და უხარისხოდ გაჭრილი გზის ქვა-ღორღისგან გაწმენდაა. დუშეთის მერიას ბევრჯერ მიწერეს, დაურეკეს, ორჯერ ხახაბოდან დუშეთშიც ჩამოვიდნენ იმ იმედით, რომ მერს ან მის მოადგილეებს შეხვდებოდნენ და პირადად სთხოვდნენ პრობლემის გადაწყვეტას. მერი მაცაცო ნარიმანიძე და მერის მოადგილეები დროის არქონის მიზეზით, მათ არ შეხვდნენ. სამაგიეროდ, მერს დრო ჰქონდა, რომ ყაზბეგში, „პრემიერის ინიციატივით“ გამართულ ხინკლის ფესტივალს დასწრებოდა.